გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძე: ამ ყველაფერს იფიქრებს ივანიშვილი, ახორციელებს იოსებ გოგაშვილი

გივი თარგამაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობას ბიძინა ივანიშვილსა და სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მოადგილე იოსებ გოგაშვილს უკავშირებს.

"30 სექტემბერს ჩემი მეუღლის ტელეფონზე ჩინური ნომრით გადაგზავნილ იქნა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც არის თითქოსდა ჩემს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ჩემი სატელეფონო საუბრები. ბუნებრივია, მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება და მასში არავის მონაწილეობის დაშვებას არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, უარი ვთქვით ამ ბინძური ადამიანების თამაშებში ჩართვაზე, უბრალოდ, დავაიგნორეთ ეს ყველაფერი. დღეს, ამ ფაქტის მერე საჯაროდ გავხდი. ამ ყველაფერს ვინ იგონებს - ივანიშვილი, და ვინც ახორციელებს ადამიანია, რომელსაც მე ვეძახი ანტრიკოტას და ის ამაზე ბრაზდება რატომღაც, თუმცა, ეს არ არის ჩემი შერქმეული. როდესაც ის პოლიციაში მუშაობამდე მხოლოდ და მხოლოდ მუშაობდა ხორცის მაღაზიაში, იქ შეარქვეს ეს სახელი. როდესაც მხოლოდ ეს გამოცდილება აქვს და მერე ხდება ყველაზე მთავარი... სუს-ის ფორმალური მინისტრი გომელაური სუს-ში არაფერს წარმოადგენს. იქ მხოლოდ ბატონი გოგაშვილია ფიგურა, პირდაპირ, უჩა მამაცაშვილის დახმარებით კონტაქტობს მათ ბინძურ ღვთაებასთან. ასე ხდება - ივანიშვილი იგონებს ბინძურ ტვინში, ახორციელებს გოგაშვილი. ბოლო პერიოდში მგონი კალაძეც კი ჩაწია გვერდზე. სხვა ადამიანებზე ვერც მექნება ეჭვი", - თქვა თარგამაძემ არჩევანში.

თარგამაძის თქმით, დაწყებული ნუგზარ წიკლაურის ცემიდან, ყველა ასეთი ფაქტი უკავშირდება გოგაშვილს. "მომდის ინფორმაცია, ვერ დავმალავ, ამაზე წუხან ისინი და ამიტომაც მებრძვიან, სულ მომდის", - ამბობს ის.

გივი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ "ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო აკრული ან ჩადებული უკანა მხარეს, ასევე ვარ დარწმუნებული, რომ უკან მოგვყვებოდა მანქანა, საიდანაც განხორციელდა დისტანციური მართვის პულტით ასაფეთქებელი მანქანის აფეთქება".

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისას, რა დროსაც მანქანა ააფეთქეს, 4 გარშემომყოფი დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები