სირიის კრიზისი

რუსეთმა სირიაში S-300-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემა განათავსა

AP

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა სირიაში, ქალაქ ტარტუსში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე S-300-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემა განათავსა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანტისარაკეტო სისტემის განთავსების მიზანი ბაზისა და ხმელთაშუა ზღვაში სირიის სანაპიროსთან რუსეთის სამხედრო ფლოტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში კი აღნიშნავენ, რომ რუსეთის ოფიციალური სამხედრო მიზანი სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაა, თუმცა არცერთი ტერორისტული დაჯგუფება არ ფლობს საჰაერო იარაღს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, S-300 ანტისარაკეტო, თავდაცვითი სისტემაა და ის საფრთხეს არავის უქმნის. მისი თქმით, უცნაურია, რომ რუსეთის ამ ნაბიჯმა დასავლელ პარტნიორებში მღელვარება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს რუსეთმა სირიაში S-400-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა განალაგა.

კომენტარები