არჩევნები 2016

TI: ქართულმა ოცნებამ შემოწირულობის სახით იანვრიდან 10 286 735 ლარი მიიღო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ პარტიების დაფინანსების საკითხზე ანგარიში წარადგინა, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, გაანალიზებულია პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ 2016 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე განხორციელებული შემოწირულებები.

ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა/საარჩევნო სუბიექტებმა მთლიანობაში 16 150 855 ლარის შემოწირულება მიიღეს. 14 829 755 ლარი 1109 ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო 1 321 100 ლარი - 24-მა იურიდიულმა პირმა.

"მთლიანი თანხის უდიდესი ნაწილი (64%) 10 286 735 ლარი მიიღო ქართულმა ოცნებამ, შემდეგ მოდის პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის 2 289 122 ლარით. მესამეზეა საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 1 151 797 ლარით, მეოთხეზე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 651 662 ლარით, ხოლო მეხუთეზე - გირჩი – 601 717 ლარით", - აცხადებენ TI-ში.

აღსანიშნავია, რომ 24 იურიდიული პირიდან 15 ქართული ოცნების შემომწირველია. ყველაზე მსხვილი შემომწირველი იყო ექვსი კომპანია, რომლებმაც ქართული ოცნების სასარგებლოდ მაქსიმალური თანხა 120 000 ლარი გაიღეს. "ეს კომპანიებია შპს ჯი-ემ-პი, შპს მისო ლიდერ კრედიტი, შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა, შპს ალფა, შპს ნიუ ჯორჯია და შპს გაგრა+; ქართული ოცნების" 15 შემომწირველი კომპანიიდან 2016 წელს მხოლოდ ორმა - შპს-მ კახური ტრადიციული მეღვინეობა და შპს-მ კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია - მიიღო გამარტივებული წესით სახელმწიფო კონტრაქტები საერთო ღირებულებით დაახლოებით 255,000 ლარი", - ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, რაც შეეხება შემომწირველ ფიზიკურ პირებს, 1109 შემომწირველიდან 180 ადამიანი (თვითონ ან მისი ოჯახის წევრი) 717 ბიზნესკომპანიასთან იყო სხვადასხვა სტატუსით დაკავშირებული. "180 ადამიანიდან 62 პირი ისეთ კომპანიებთან არის დაკავშირებული, რომლებმაც 2016 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღეს. ამ 62 ფიზიკური პირიდან 34 ქართული ოცნების შემომწირველია, რომლებმაც მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში მმართველ პარტიას მთლიანობაში 900 400 ლარი შესწირეს, სამაგიეროდ კი, ამ 34 ადამიანთან დაკავშირებულმა 35-მა კომპანიამ 4 005 857 ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღო. ამ ადამიანებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ფიზიკური პირები:

პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე, რომელმაც ქართულ ოცნების სასარგებლოდ 55 000 ლარი გაიღო, მასთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ კი მიმდინარე წელს დაახლოებით 2.5 მლნ ლარის პირდაპირი კონტრაქტები მიიღეს.
გოჩა ენუქიძის შემთხვევა იმითაც იყო საინტერესო, რომ მის კომპანიებში დასაქმებული პირებიც ქართული ოცნების აქტიური შემომწირველები იყვნენ. კერძოდ, ენუქიძის მფლობელობაში მყოფი რამდენიმე კომპანიის ხუთმა თანამშრომელმა (ბექა კიკალეიშვილი, ქეთევან ზაქარეიშვილი, ირაკლი ნინუა, გიორგი გამგონეიშვილმა, გიორგი ტალახაძე) სახელისუფლო პარტიას მთლიანობაში 90 000 ლარი შესწირა;

გიორგი ჯაბიძე - მმართველ პარტიას 55 000 ლარი შესწირა, ხოლო მისმა კომპანიამ ფუნდაშენ დაახლოებით 380 000 ლარის პირდაპირი კონტრაქტები მიიღო;

ივანე ნიკოლაიშვილი - ქართულ ოცნებას შესწირა 40 000 ლარი და მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ფუდსერვისი მიიღო დაახლოებით 130 000 ლარის პირდაპირი კონტრაქტები;

გიორგი რობაქიძე - მმართველ პარტიას შესწირა 22 000 ლარი, მისმა კომპანიამ კავკასავტომაგისტრალი მიიღო დაახლოებით 220 000 ლარის პირდაპირი კონტრაქტები;

იოსებ ბრეგვაძე - პარტიას შესწირა 10 000 ლარი, მისმა შპს-მ აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი მიიღო დაახლოებით 390,000 ლარის პირდაპირი კონტრაქტები", - წერია ანგარიშში.

კომენტარები