არჩევნები 2016

თორდია ოცნების სესხზე: შეიძლება იყოს კითხვის ნიშნები, მაგრამ კანონი არ დარღვეულა

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია
ტაბულა

საქართველოს გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ტაბულას კითხვაზე იყო თუ არა ქართული ოცნების მიერ ქართუ ბანკისგან ერთი მილიონი ლარის სესხად აღება სავარაუდოდ პოლიტიკური შემოწირულობის უკანონოდ მიღება პასუხობს, რომ სესხთან დაკავშირებით კითხვები მართლაც შეიძლება არსებობდეს, თუმცა ის კანონის მოთხოვნებს არ არღვევს. თორდიას თქმით, აუდიტის სამსახურმა სესხის საპროცენტო განაკვეთი შეამოწმა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ეს განაკვეთი საბაზრო იყო რაც კანონის მოთხოვნებს შეესაბამება. 

"მილიონი ლარის სესხი შეუძლია აიღოს პარტიას, ოღონდ ეს არ უნდა იყოს საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე ნაკლები. ჩვენ შევისწავლეთ და 11%-ში არის ქართუ ბანკისგან სესხი მიღებული, სხვა ტიპის რეაგირების საშუალება ჩვენ არ გვაქვს, ანუ კანონის მოთხოვნათა დარღვევა სახეზე არ გვაქვს. შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშნები თუ რატომ, რისთვის და როგორ მიიღო პარტიამ ბანკისგან სესხი, მაგრამ ეს სესხი თავად კანონდრღვევას არ წარმოადგენს" - ამბობს ლაშა თორდია.

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მის დაფუძნებულ პარტიას ფინანსურად გაუჭირდა, რადგანაც "სესხს დალხინებული კაცი არ ღებულობს". 

ქართული ოცნების სესხი ოთხთვიანია, მისი საპროცენტო განაკვეთი კი 11%-ია. ბანკმა პარტიისგან უზრუნველყოფის სახით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიღო. ამ მუხლის მიხედვით, პარტიას, რომელიც არჩევნებში 10%-ს ან მეტს აიღებს, ერთი მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს. შესაბამისად მაღალი ალბათობით ოცნების სესხს საქართველოს ბიუჯეტი დაფარავს. 

ქართუ ბანკის სესხი შესაძლოა პოლიტიკური შემოწირულობის 60 ათას ლარიანი ლიმიტის გვერდის ავლას წარმოადგენს. არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირებს პარტიებისთვის ლიმიტით დადგენილ თანხაზე მეტის შეწირვის უფლება არ აქვთ, თუმცა კანონმდებლობა კომერციული ბანკებიდან სესხად გაცემული სესხების ნაკადებს არ არეგულირებს. შესაბამისად, დაფინანსების ამ წყაროს გამოყენებით კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლაა შესაძლებელი.

ქართული ოცნების ფინანსური დეკლარაცია
ფოტო: sao.ge

კომენტარები