ნობელის პრემია

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მიიღო

AFP

ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი გახდა.

კოლუმბიის პრეზიდენტს ნობელის პრემია მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფება FARC-თან (კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები - სახალხო არმია) სამშვიდობო ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევისა და 52-წლიანი ომის დასრულებისთვის მიანიჭეს.

შეგახსენებთ, რომ 52-წლიანი ბრძოლისა და 4-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ კოლუმბიის მთავრობამ და მემარცხენე ამბოხებულმა ჯგუფმა FARC-მა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმებას 25 აგვისტოს მიაღწიეს. 26 სექტემბერს კი, მხარეებმა შეთანხმებას საბოლოოდ მოაწერეს ხელი. მათ შეთანხმების მიღწევის შესახებ კუბაზე გამოაცხადეს. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პრეტენდენტად სანტოსთან ერთად, ამბოხებული მემარცხენეების ლიდერი ტიმოჩენკოც იყო დასახელებული.

კოლუმბიის ხელისუფლებასა და ამბოხებულ მემარცხენეებს შორის 52-წლიან საომარ მოქმედებებს დაახლოებით 260 000 ადამიანი ემსხვერპლა, 6 მილიონამდე ადამიანს კი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია.

კომენტარები