არჩევნები 2016

არჩევნებს 73 463 დამკვირვებელი დააკვირდება

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია. ჟვანიას განცხადებით, ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს, ასევე, უნდა აირჩიოს მაჟორიტარი დეპუტატი. მისივე თქმით, 3 645 (მათ შორის 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანი საქართველოში და 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად. თავმჯდომარის ინფორმაციით, 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება.

რაც შეეხება დამკვირვებლებს, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი. ამასთან, საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი.

"ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1115 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით", - თქვა ჟვანიამ.

როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ასევე, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები. საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ქალაქ თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში; ხოლო რიგგარეშე არჩევნები ტარდება თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების - ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად.

"მინდა, შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში. მოვუწოდებთ, როგორც ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, მოერიდონ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით გამოცხადებას უბანზე. აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს ფულადი ჯარიმის საფუძველი. 8 ოქტომბერს ასევე აკრძალულია ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და შევახსენო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით უნდა მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას; ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე შესაბამისი რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია, იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს, დარჩება განუხილველი", - თქვა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

თამარ ჟვანიას თქმით, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე www.results.cec.gov.ge. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით (Facebook; YouTube).

"24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). შესაბამისად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია", - თქვა ჟვანიამ.

დღის განმავლობაში ცესკოში 6 საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება. პირველადი წინასწარი შედეგების გაცნობა 9 ოქტომბრის ღამესვე დაიწყება.

ცესკო ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

კომენტარები