არჩევნები 2016

ცესკო: არჩევნების დღეს წილის ყრით გადაწყდება, თუ ვინ გაჰყვება გადასატან ყუთს

ცესკო

ტაბულას კითხვაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი, რომ გადასატან ყუთებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გააყოლონ, როგორც ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ უპასუხა, რომ წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია. ანა მიქელაძის განმარტებით, იმ პირების ვინაობა, ვინც გადასატან ყუთს მიჰყვება, წყდება არჩევნების დღეს წილის ყრით.

"კანონმდებლობაში, კონკრეტულად კი საარჩევნო კოდექსში, დეტალურადაა განსაზღვრული პროცედურები, რომლის თანახმადაც, კომისიის წევრები მიჰყვებიან გადასატან ყუთს. აღნიშნული ფუნქციები გამოვლინდება წილის ყრით. წილის ყრიდან რომელ ორსაც ერგება ფუნქცია, რომ ის უნდა გაჰყვეს საარჩევნო გადასატან ყუთს, ამ შემთხვევაში, ისინი მიჰყვებიან. რაც შეეხება წინასწარ განსაზღვრულ ვარაუდს, წინასწარ, რა თქმა უნდა, ვერ იქნება განსაზღვრული იქიდან გამომდინარე, რომ ფუნქციები წილის ყრით განისაზღვრება მხოლოდ არჩევნების დღეს და წილის ყრაში მონაწილეობას იღებენ საარჩევნო პარტიების მიერ დანიშნული სუბიექტები", - თქვა ანა მიქელაძემ.

ცნობისათვის, ნიკა მელიას თქმით, იგეგმება, რომ ხვალ საარჩევნო კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გააყოლონ გადასატან ყუთებს იმისთვის, რომ ისინი შტაბში არ იყვნენ გარკვეული დროის განმავლობაში. მელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რა დავალებას მიიღებენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, ენმ-ის არცერთი წევრი საარჩევნო უბანს არ დატოვებს.

ხვალ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები გაიხსნება დილის 8:00 საათზე და დაიხურება საღამოს 20:00 საათზე.

კომენტარები