გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

გივი თარგამაძის საქმე - ხეჩუაშვილის მამა: უკრაინაში რა უნდოდა, მოსკოვში იყო წასული

რუსთავი 2

დავით ხეჩუაშვილის მამა კატეგორიულად გამორიცხავს მისი შვილის ბრალეულობას ენმ-ის წევრ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში. ანზორ ხეჩუაშვილის თქმით, მისი შვილი 5 დღეა, მოსკოვში იმყოფება. 

"არ არის აქ, წასულია რუსეთში. ჩემი შვილი იმიტომაა ეჭვმიტანილი, რომ ადრე ამბობდნენ, ვითომ შევარდნაძის ტერაქტში მონაწილეობდა. მაშინ იძიებდნენ და გამოუშვეს. ვერაფერი დაუმტკიცეს. ჩემი შვილი აქ არ არის, როგორ მონაწილეობდა? 5 დღეა, წასულია. სამუშაოდ წავიდა", - ამბობს ხეჩუაშვილი.

GDS-ის კითხვას, უკრაინაში ხომ არ იყო დავით ხეჩუაშვილი წასული, ანზორ ხეჩუაშვილი პასუხობს - "უკრაინაში რა უნდოდა, მოსკოვში იყო წასული".

აღსანიშნავია, რომ GDS-ის გარდა, ტელეკომპანია იმედი ეკითხებოდა ხეჩუაშვილის მეზობლებს, ხომ არ იყო ნამყოფი დავით ხეჩუაშვილი უკრაინაში.

როგორც ენმ-ის საგარეო მდივანმა გიგა ბოკერიამ თქვა, "პროსამთავრობო ტელევიზიის ერთ-ერთი ეგზოტიკური ჟურნალისტი დაჟინებით ეკითხებოდა ყველა რესპონდენტს, უკრაინაში ხომ არ იყო ნამყოფიო. ჩვენ გვახსოვს, რომ პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა ჯერ საერთოდ გამოძიება დაწყებული არ იყო, უკვე დააანონსა ეს - უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და აბსოლუტურად გამჭვირვალეა აქ, რომ კიდევ ერთხელ ასეთ უტიფარ პიართან გვაქვს საქმე წინასაარჩევნოდ, ოღონდ ბინძურთან, ამ ძალიან მძიმე ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელიც მთელს ჩვენს ქვეყანას უქმნის საფრთხეს, იმიტომ, რომ ამდენი წლის შემდეგ, პირველად მოხდა ეს ყველაფერი. ერთ დღეში, ხვალიდან ხელისუფლება იწყებს შეცვლას და უკვე პოლიტიკური წნეხისგან და ასეთი უტიფარი რაღაც კლოუნადის გარეშე უნდა მოხდეს ამ დანაშაულის გამოძიება".

შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქების შემდეგ, ღამით პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ "ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა".

ცნობისთვის, დღეს საღამოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბესიკ ამირანაშვილმა თქვა, რომ ენმ-ის წევრის გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმე გახსნილია. ამ დროისთვის გლდანში, დავით ხეჩუაშვილის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.

4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით თარგამაძე გუშინ დაკითხეს.

კომენტარები