არჩევნები 2016

კობახიძე: საარჩევნო უბნების ნაწილზე უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზები დაფიქსირდა

ქართული ოცნება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. კობახიძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "საარჩევნო უბნების ნაწილზე დაფიქსირდა გარკვეული უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზები". მისივე თქმით, ცესკომ ხარვეზები ოპერატიულად აღმოფხვრა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობა ფიქსირდება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს, დააფიქსირონ თავიანთი სამოქალაქო პოზიცია.

ცესკო-ს ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 8.34% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 957 მოქალაქეა. 2012 წელს ამავე დროისთვის ხმის მისაცემად 10.66% იყო მისული. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, 10:00 საათის აქტივობა 6.8% იყო.

ამასთან, ცესკოს ცნობით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო გვიან, ორ უბანზე შეფერხდა პროცედურები, ხოლო ბათუმის #1 საარჩევნო უბანზე წარმომადგენელი გააძევეს.

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით კი, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 7, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების 5, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, უბანზე აგიტაციის 1 და საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 2 შემთხვევა.

კომენტარები