არჩევნები 2016

ოზურგეთის გამგებელი: ენმ-ის წევრი ნასაკირალში ამომრჩეველს ატყუებდა

ტაბულა

ქართული ოცნების მტკიცებით, დაბა ნასაკირალის საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ ქათამაძე ოზურგეთის დაბა ნასაკირალში ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. ქართული ოცნების წევრების ბესიკ ირემაძის, ოთარ ირემაძის და ალექსანდრე ჭელიძის განცხადებით, "ქათამაძე ინტენსიურად ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აფერხებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და საარჩევნო უბანთან ეწევა პროპაგანდას".

ქართული ოცნების ინფორმაციით, "15-წუთიანი ზეწოლა" ამომრჩევლის მოტყუებაში გამოიხატებოდა. ოზურგეთის გამგებელის მერაბ ჭანუკვაძის თქმით კი, "ქათამაძე ატყუებდა თანასოფლელებს, რომ სკოლის ტერიტორიაზე შესვლა არ შეიძლებოდა და აბსურდულ კანონებს უყენებდა. საარჩევნო უბანზე არ იყო საუბარი, ვუთხარი და მოვუწოდე, რომ ნუ ატყუებდა ამ ადამიანებს. საარჩევნო უბანი არის სკოლის შენობის შიგნით, შესაბამისად, ყველა ადამიანს შეუძლია სკოლის ტერიტორიაზე მისვლა". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით კი, ნასაკირალში ოზურგეთის გამგებელი ადამიანების უბნის შიგნით შეყვანას ითხოვდა. საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ბრიფინგი გიორგი ტუღუშმა გამართა.

"ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ ქართული ოცნების კოორდინატორები ნასაკირალში, ეს არის ოზურგეთის მე-60 უბანი, უბნის შესასვლელ კართან ეწეოდნენ აგიტაციას, მას შემდეგ, რაც მიუთითეს დარღვევაზე და სთხოვეს გაცლოდნენ იქაურობას, ადგილზე მოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუკვაძე, რომელიც ითხოვდა ამ ადამიანების უბნის შიგნით შეყვანას, რაც ასევე აღკვეთეს ჩვენმა კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა" - განაცხადა ტუღუშმა.

კომენტარები