არჩევნები 2016

სამადაშვილი: არ ვაპირებთ, ვინმეს ჩვენი ხმების წართმევის შესაძლებლობა მივცეთ

სალომე სამადაშვილი
თეორემა/ტაბულა

"მე მინდა, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ მათ ესმოდეთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს მივცეთ შესაძლებლობა, რომ წაგვართვას ჩვენი ხმები", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

სამადაშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას აქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაიცვას ყველა ხმა, რაც მიიღეს.

"ეგზიტპოლები, რა თქმა უნდა, არის წინასწარი შედეგები. მე ვფიქრობ, ეს შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას აღარ აქვს ამომრჩევლის ნდობა იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამომრჩევლების ძალიან დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა პასუხზე და ეს არ არის გასაკივირი, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ ძალადობის რეჟიმს, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია ამ არჩევნებისთვის. არ გამიკვირდება, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებმაც თავი შეიკავეს საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებაზე, არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ოპოზიციას, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას.

ჩვენ უნდა დაველოდოთ უკვე ოფიციალურ შედეგებს. მე მინდა განვაცხადო ხაზგასმით, რომ მე მესმის, რომ დღეს ქართული ოცნებისთვის ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზი იყო არჩევნების შედეგები და მე მინდა, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ მათ ესმოდეთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს მივცეთ შესაძლებლობა, რომ წაგვართვას ჩვენი ხმები. თქვენ იცით, რა ხდებოდა სხვადასხვა უბანზე და ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ დავიცვათ ყველა ხმა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო შედეგების დათვლის შემდეგ ჩვენი შედეგი იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე ამას დღეს ეგზიტპოლები აჩვენებს", - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GfK-ის არასრულიეგზიტპოლის თანახმად, პროპორციული სიით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას 3 პარტია ახერხებს. ესენია ქართული ოცნება - 39.9%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  - 32.74%, პატრიოტთა ალიანსი - 5.76%.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი შედეგებია: ლეიბორიტული პარტია 4.21%, სახელმწიფო ხალხისთვის 3.25%, თავისუფალი დემოკრატები 3.21%, დემოკრატიული მოძრაობა 2.81%, სხვა პარტიები 8.12%.

კომენტარები