არჩევნები 2016

GDI: ძალადობრივ ფაქტებს დაუყოვნებლივ უნდა მოყვეს სამართალდამცველთა რეაგირება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ (GDI) არჩევნების დათვლის ეტაპზე გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ორგანიზაციის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს წარმოადგენს და აუცილებელია ამას დაუყოვნებლივ მოყვეს სამართალდამცავთა რეაგირება.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) შეშფოთებას გამოხატავს არჩევნების დათვლის ეტაპზე გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამო. გავრცელებული ინფორმაციით და ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ დაარბიეს რამდენიმე საარჩევნო უბანი (მაგ: ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 2 საარჩევნო უბანი), სადაც კომისიის წევრთა განცხადებით მმართველი პოლიტიკური ძალა მარცხდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით ამავე უბანში, ძალადობისას, დაზიანებები მიიღეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასევე ბოლო საათში გავრცელებული ვიდეოჩანაწერები ადასტურებენ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და მათზე ფიზიკურ ძალადობას (ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია).

აღწერილი ფაქტები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს, რასაც დაუყოვნებლივ უნდა მოყვეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან რეაგირება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობისთვის აუცილებელია არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ კენჭისყრის ეტაპის მშვიდობიანად ჩატარება, არამედ კენჭისყრის შემდეგ ხმათა დათვლისა და არჩევნების შეჯამების პროცესის კანონშესაბამისად და მშვიდობიან გარემოში წარმართვა.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საკუთარი პოზიტიური ვალდებულების შესრულება და ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შეჯამების მშვიდობიან გარემოში კანონშესაბამისად წარმართვა, მოძალადეთა და სხვა სამართალდამრღვევთა მყისიერად პასუხისგებაში მიცემა და მსგავსი ძალადობის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება", - წერია განცხადებაში.

კომენტარები