არჩევნები 2016

ბოკერია: ჩვენს გეგმებს ენმ-ის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ გაგაცნობთ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების პროცესში მიმდინარე მოვლენებისა და ინციდენტების გათვალისწინებით, ჩატარებული არჩევნების შედეგი არაა ქართველი საზოგადოების თავისუფალი ნების გამომხატველი. მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებასა და საკუთარ ამომრჩეველს მას შემდეგ მიაწოდებს ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რაც კონსულტაციას გაივლის ენმ-ის იმ წევრებთანაც, რომლებიც რეგიონებში იბრძოდნენ გამარჯვებისთვის და ახლა თბილისში მოდიან.

"არა მარტო გუშინდელი სამარცხვინო ძალადობის, არამედ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაც წინ უძღვოდა ამას: დაწყებული იმით, რომ ლიდერები არიან ციხეში, გაგრძელებული იმით, რომ სიგნალი იყო თავიდანვე დაფიქსიებული, რომ დაუსჯელობა იქნება ნებისმიერი ძალადობისთვის, სამხედრო გადატრიალებაზე საუბრით და დაბარებებით ჩვენი აქტივისტებისა და კანდიდატების, აღარც ვსაუბრობ შესაძლებლობებისა და ფინანსების უზარმაზარ განსხვავებაზე, ბიზნესმენების დაშინებაზე, ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს იყო ჩვენი საზოგადოების თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგი. ეს არ იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები, ეს არ იყო თანასწორი საარჩევნო პირობები. ეს იყო ძალაუფლების შენარჩუნება ივანიშვილის მხრიდან უტიფრად დაშინების და ქართველი ამომრჩევლის ნების გატეხვის გზით. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, სავარაუდოდ, გვაქვს 500 000-მდე ხმა, რისი დაცვაც უკვე შევძელით და ვიქნებით სადღაც 45 მეორე ტურში, მაგრამ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ სრულიად არანორმალურ ვითარებაში საჭიროებს შემდგომ კონსულტაციას. ჩვენ ეს უკვე დავიწყეთ აქ, პარტიის შიგნით, ვინც თბილისშია და აუცილებელია ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია იმ ადამიანებთან, ვინც იბრძოდა რეგიონებში. ეს კონსულტაციები შეიძლება რაღაც პერიოდი გაგრძელდეს. აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურში. ბოლოს, მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისუფალი ნება დააფიქსირა და არ დაემორჩილა, მითუმეტეს, მოსყიდვას, ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც ამ უმძიმეს პირობებში იცავდნენ ხმებს, მათთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას. რა ფორმით და როგორ - ამას შეგატყობინებთ ძალიან მალე", - თქვა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები