არჩევნები 2016

NHC და IPHR: ჯიხაშკარში პოლიციამ არ დაიცვა ჩვენი დამკვირვებლები

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი (NHC) და საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (IPHR) მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს საერთაშორისო დამკვირვებლებზე თავდასხმის ფაქტი. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას უცხოელი დამკვირვებლების უსაფრთხოება. ისინი ითხოვენ თავდამსხმელების დადგენას და დასჯას, ასევე, დაკარგული პირადი ნივთების დაბრუნებას (ინციდენტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები და სხვა საარჩევნო მასალები).

"საქართველოს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ძალადობის ფაქტი მოხდა დასავლეთ საქართველოში. დაუდგენელი პირების ჯგუფი შეიჭრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის # 79 საარჩევნო უბანში, ჩაშალა ბიულეტენების დათვლის პროცესი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც წარმოადგენდნენ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის (NHC), საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (IPHR) და დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის (EPDE) ერთობლივ მისიას.

NHC, IPHR და EPDE ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჩამოყალიბდა საქართველოში მიმდინარე წლის 12 სექტემბერს. არჩევნების დღეს, 36 აკრედიტებული საერთაშორისო დამკვირვებელი მივლენილი იყო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მისიის მიერ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასება გამოქვეყნდება დღესვე მოგვიანებით. საბოლოო ანგარიში კი გამოქვეყნდება არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, რომელიც საქართველოში გაიმართება არა უგვიანეს 2 ნოემბრისა.

ზემოთ აღნიშნული ინციდენტი მოხდა საარჩევნო დღეს გვიან ღამით, დაახლოებით უბნის დახურვიდან 4 საათში. ჩვენი დამკვირვებლები იმყოფებოდნენ შენობაში საღამოს 19:45 საათიდან და შენიშნეს, რომ საარჩევნო უბნის კარი დაკეტილი არ იყო. 6-10 ადამიანი ძალის გამოყენებით შეიჭრა შენობაში და დაიწყეს თვლის პროცესის ჩაშლა ძალადობრივად. ჩვენი დამკვირვებლები იღებდნენ ამ ინციდენტს, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ. ორ დამკვირვებელს წაართვეს ტელეფონები. ისინი სერიოზულად არ დაშავებულან, მაგრამ ერთ-ერთ ქალ დამკვირვებელს აქვს დალურჯებები თავზე და იდაყვზე. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, მაგრამ ისინი არ ჩაერივნენ ინციდენტში და არ დაიცვეს დამკვირვებლები და მათი პირადი საკუთრება.

დამკვირვებლებმა მთელი ღამე გაატარეს ზუგდიდის ცენტრალური პოლიციის განყოფილებაში და დაწერეს საჩივარი. მათ გაეწიათ სამედიცინო დახმარებაც. სადამკვირვებლო მისია შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საარჩევნო პროცესში მონაწილეობა უზრუნველყოფილია როგორც ადგილობრივი საარჩევნო კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო დოკუმენტებით, როგორიცაა ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებუბლება, დაიცვას უცხოელი დამკვირვებლების უსაფრთხოება" - ნათქვამია NHC-ის და IPHR-ის განცხადებაში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

კომენტარები