არჩევნები 2016

ბოკერია: აუცილებლად უნდა შევიდეთ პარლამენტში და მივიღოთ მონაწილეობა II ტურში

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, აუცილებელია, ენმ-მ მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებზე უარი არ თქვას და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღოს. ბოკერიამ თავისი პოზიცია დღეს დაგეგმილი პოლიტსაბჭოს წინ საჯაროდ დააფიქსირა და იმედი გამოთქვა, რომ კენჭისყრაზე პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"მე კარგად მესმის ჩვენი ამომრჩევლების, აქტივისტების და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის ემოცია და აღშფოთება იმ უმსგავსობის გამო, რაც ვიხილეთ საარჩევნო კამპანიისას და არჩევნების დღეს. მაგრამ მყარად მჯერა და მწამს, სწორედ ამ უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე და მიუხედავად ამ არათავისუფალი და არასამართლიანი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი პროდასავლური და დემოკრატიული ქმედითი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი დემოკრატიული ინსტიტუტების და ტრადიციის პატივისცემიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი იმ 500 000 ამომრჩევლის პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ მოგვცა ხმა, ეს არის აუცილებელი იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც დააშინეს და ვერ მოგვცა ხმა. ეს არის აუცილებელი იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ არ მოგვცა ხმა. სწორედ იგივე არგუმენტებით ვთვლი, რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურში, რათა ყველაფერი გავაკეთოთ, (როგორი რთულიც არ უნდა იყოს და ვიცით, რომ ეს ძალიან რთული იქნება), რომ ივანიშვილმა ვერ შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, რათა დავიცვათ თავისუფლება ჩვენი ქვეყნის შიგნით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს საღამოს", - განაცხადა ბოკერიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს, 19:30-ზე გაიმართება. 

კომენტარები