არჩევნები 2016

სააკაშვილი: მეორე ტურებში მონაწილეობა კანდიდატების გადასაწყვეტია

112.ua

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს. მისი თქმით, პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა არ უნდა დაუშვან ბიძინა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების უზურპაცია.

"დეპუტატებმა, რომლებიც შევლენ პარლამენტში, ჩემი აზრით, ფართოდ უნდა განიხილონ აქტივისტებთან, თუ როგორ აპირებენ პარლამენტს გარეთ ჩვენს აქტივთან კოორდინირებას და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ განადგურდეს, პოლიტიკურმა რეპრესიებმა კიდევ უფრო ფართო ხასიათი არ მიიღოს და არ დავუშვათ რუსი ოლიგარქის მიერ ძალაუფლების უზურპაცია. ახლა, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენოს ქვეყნის გადარჩენა, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის კარგად ახერხებდა", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

სააკაშვილისვე თქმით, კანდიდატების გადასაწყვეტია, მიიღებენ თუ არა მეორე ტურში მონაწილეობას.

"რაც შეეხება, არსებული გაყალბების მექანიზმების პირობებში, მეორე ტურში მონაწილეობას, ვიმეორებ, რომ ამის აზრს ვერ ვხედავ, თუმცა, ასევე ვადასტურებ, რომ ეს თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია. მე, დიდ პატივს ვცემ მათ მიერ გაწეულ შრომას და არასწორია, მათ არ დავუტოვოთ პირადი არჩევანის უფლება", - წერს სააკაშვილი.

როგორც ექსპრეზიდენტი წერს, "თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ეს კამათი არ გადაიზარდოს ურთიერთბრალდებებში, თითის გაშვერებსა და განხეთქილებაში, რაც ასე სურს ივანიშვილს. მგონი, ახლა ყველამ უნდა დაიოკოს ემოციები და გონებით განვსაჯოთ, თუ სად ვიმყოფებით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მაქსიმალურად ფართოდ და დემოკრატიულად და ამავე დროს მშვიდად უნდა გამართოს დისკუსია დაშვებულ შეცდომებზე და შიდა პარტიული დემოკრატიის გაფართოებაზე", - წერს სააკაშვილი.

დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

კომენტარები