არჩევნები 2016

სამნიძე: ივანიშვილი წყვეტდა, რომელი პარტია რამდენ პროცენტს აიღებდა

ნეტგაზეთი

"ცესკომ დაკარგა ობიექტური მოთამაშის როლი, რომელი პარტია რამდენ პროცენტს აიღებდა ივანიშვილი წყვეტდა", - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ისაუბრა.

"სანამ აქტიურ ფაზაში შევიდოდა კამპანია, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ცესკო კარგავს ობიექტური მოთამაშის როლს, როდესაც მათ კანონის სრული დარღვევით საარჩევნო ნომერი მიანიჭეს პატრიოტთა ალიანსს და ასევე, ბურჭულაძის პარტიას, ნომერი 1 და ნომერი 8 წილის ყრის გარეშე. ჩვენ მაშინ განვაცხადეთ, რომ ვხედავდით საფრთხეებს, რომ ცესკო დაკარგავდა ობიექტური მოთამაშის როლს. ამის ნიშნებს ახლაც ვხედავთ, მათ სამი დღე დასჭირდათ 300 უბნის ხმების დასაანგარიშებლად. ვხედავდით პატრიოტთა ალიანსის მუქარას, როგორ დაიწყებდნენ ისინი მიტინგს, შემდეგ ისინი გაისუსნენ, როდესაც მიიღეს 4,99%. ფარული ხელი იყო მაშინაც, როდესაც ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა საარჩევნო ნომერს. მგონი არ გვჭირდება ამის დაკონკრეტება, ისედაც ნათელია, რომ ადამიანი, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე იძლეოდა დირექტივებს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პარლამენტის კომპოზიცია, ის იძლევა დირექტივებს, ვინ რამდენი ხმა უნდა მიიღოს. ყველა გადაწყვეტილება, ყველა მოვლენა, რაზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ, იქნება ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა, რადგან მან გადაწყვიტა, როგორი უნდა ყოფილიყო პარლამენტი. ყველაფერი გააკეთა ამომრჩევლის მანიპულაციით, შიშსა და სიძულვილზე დაფუძნებული კამპანიით, რომ დღეს საქართველოს ჰყოლოდა ამ ტიპის პარლამენტი"

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 100%. არსებული მდგომარეობით პარლამენტში შედის სამი პარტია.

არჩევნებზე მისული 1.76 მილიონი ამორჩევლის ხმები წინასწარი შედეგებით ასე გამოიყურება:

1. ქართული ოცნება - 48.65%, 856 762 ხმა

2. ენმ - 27.12%, 477 596 ხმა

3. პატრიოთა ალიანსი - 5%, 88 109 ხმა

 

რესპუბლიკურმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

კომენტარები