ლარის კურსი

ჭიაბერაშვილი: თუ ბიუჯეტის სეკვესტრირება არ მოხდა, ლარი კიდევ გაუფასურდება

ტაბულა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ბიუჯეტის სეკვესტრირებას არ მოახდენს, ლარის შემდგომი გაუფასურება გარდაუვალი იქნება. ჭიაბერაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული სავალუტო ინტერვენციები პრობლემის მხოლოდ გადავადებას იწვევს, რეალური ცვლილებებისთვის კი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკაა შესაცვლელი.
 
"4 წლის განმავლობაში ივანიშვილის მთავრობის მავნებლურმა პოლიტიკამ ქვეყნის გაღარიბება გამოიწვია. 8 ოქტომბრის არჩევნების წინ ეროვნული ბანკი ხელოვნურად აჩერებდა ლარის გაუფასურებას და ამისათვის რეზერვებიდან სექტემბერ-ოქტომბერში 160 მლნ დოლარი დახარჯა, თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს მდგომარეობას არ შველის. პირიქით, გრძელვადიანად კიდევ უფრო მაღალი რისკების წინაშე გვაყენებს. ამ დღეებში ლარის გაუფასურება, მავნებლური პოლიტიკის გარდა, არის ქართული ეკონომიკის რეაქცია იმ არანორმალურ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაშია.
 
ძალადობრივ გარემოში მოსყიდვებითა და დაშინებებით ჩატარებული არათავისუფალი არჩევნების შედეგად ივანიშვილი ახდენს ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას მის ხელში, რაც კიდევ უფრო დაბლა სწევს საქართველოს მიმზიდველობას ინვესტორთა თვალში. მთავრობა ვერ ელევა პრემიებს, დანამატებს, კომფორტსა და ფუფუნებას, რომ მოახდინოს ბიუჯეტის სეკვესტრი და შეამსუბუქოს დაწოლა ლარზე.
 
"ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი 2017 წლისთვის სიგნალია, რომ მთავრობა არაფრის შეცვლას თავის მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკაში არ აპირებს, რაც ბიზნესის განწყობაზე უარყოფითად აისახება და, შესაბამისად, მოქმედებს ლარზე. მიმდინარე თვის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე ეროვნული ბანკი, ივანიშვილის მოთხოვნით, სავარაუდოდ, გააგრძელებს რეზერვების ფლანგვას, რათა ხელოვნურად დაიჭიროს ლარი. თუმცა, ამით იგი მხოლოდ პრობლემის გადავადებას ახდენს და შემდგომ, თუ ბიუჯეტის სეკვესტრი არ განხორციელდა და დეფიციტური ხარჯვა არ შეჩერდა, ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას უნდა ველოდეთ", - ამბობს ჭიაბერაშვილი.
 
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობის ხარჯები 410 მილიონი ლარით იზრდება და 10.5 მილიარდ ლარს აღწევს. ქვეყანაში მოქმედი 19 სამინისტროდან მომავალ წელს ექვსი მათგანის ბიუჯეტის ზრდაა დაგეგმილი. 

კომენტარები