ენერგეტიკა

საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების ოქმს ხელი მოაწერა

townnews.com

14 ოქტომებრს ქალაქ სარაევოში, ევროპის "ენერგეტიკული გაერთიანების" მეთოთხმეტე მინისტერიალზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ხელი მოაწერა"ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს." ოქმით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, საქართველო "ენერგეტიკული გაერთიანების" სრულუფლებიანი წევრი გახდება, რის შედეგადაც ქვეყანაში ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი ლიბერალიზაცია დაიწყება. 

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა "შეერთების ოქმის" რატიფიკაციას მხარი სავარაუდოდ გაზაფხულის სესიაზე უნდა დაუჭიროს, რის შემდეგაც საქართველო ორგანიზაციის წევრი გახდება. წევრობა რამდენიმე წლიან გარდამავალ პერიოდსაც ითვალისწინებს, რა პერიოდშიც საქართველოს მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება მოუწევს. 

ვალდებულებათა შორის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ბაზრების სრული ლიბერალიზაციაც შედის. შეიცვლება ამ ბაზრებზე ოპერირებისა და დისპეჩერიზაციის წესები, რის შედეგადაც მასში ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან, მომხმარებლებს კი ერთი მომწოდებლის მეორეთი ჩანაცვლების უფლება გაუჩნდებათ.

"ენერგეტიკულ გაერთიანებაში" საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობს. ევროკავშირთან "ასოცირების შესახებ ხელშეკრულების" დათქმის შესაბამისად საქართველომ ევროკომისიასთან ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2014 წლიდან დაიწყო. მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი მიმდინარე წლის მაისში გაიმართა.

"ენერგეტიკული გაერთიანება" ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2005 წელს საბერძნეთში ხელმოწერილი დოკუმენტით დააფუძნეს. ორგანიზაციამ საქმიანობა 2006 წელს დაიწყო. ორგანიზაციის წევრები არიან ევროკავშირის წევრი ყველა და შეთანხმებაზე მიერთებული რვა სახელმიწფო. ორგანიზაცია ლიბერალურ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი ენერგოსივრცის შექმნისთვის მუშაობს.
 
კავშირში გაერთიანება სავარაუდოდ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმზიდველობას გაზრდის, რასაც ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების ზრდაც უნდა მოჰყვეს. 

კომენტარები