სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

WISG: არ გამოვრიცხავთ ტრანსგენდერზე თავდასხმა სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) არ გამორიცხავს, რომ თბილისში, ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმა შესაძლოა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და ტრანსგენდერზე თავდასხმას ადასტურებს.

"სიძულვილით მოტივირება დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა. "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფს" მონაცემებით, საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული. ორგანიზაცია "ტრანსგენდერი ევროპის" (TGEU), რომელიც WISG-ის პარტნიორია, სტატისტიკის მიხედვით კი 2008 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით 65 ქვეყანაში 2115 ტრანსგენდერი მოკლეს; 2016 წლის იანვარ-მაისში კი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის მკვლელობის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. TGEU-ის ცნობით, ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან ქვეყანათა უმრავლესობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმისა და მკველობებათა შემთხვევების დაფიქსირება, აღწერა და მონიტორინგი არ მიმდინარეობს", - აღნიშნულია WISG-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, იურისტი და „თანასწორობა 17-ის“ ხელმძღვანელი ნინო ბოლქვაძეც ამბობს, რომ გუშინ, ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმა სავარაუდოდ სიძულვილით იყო მოტივირებული

14 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისში, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით გაუსწორდა. ის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ტაბულას განუცხადეს, რომ პაციენტი პოლიტრავმით შეიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე უწყება ამ დროისთვის არ საუბრობს.

 

 

კომენტარები