თავდასხმა ტრანსგენდერ ქალზე

ბესელია: არ ვთვლი, რომ ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა სიძულვილს აღვივებს

ტაბულა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრაზე საუბარი ძალადობის გამოვლინების მიზეზი არ არის. ტაბულამ ბესელიას კითხვა ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დაუსვა. კითხვაზე, „მიიჩნევთ თუ არა, რომ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრაზე საუბარი სიძულვილის გაღვივების საფუძველი გახდა", ქართული ოცნების დეპუტატმა უპასუხა, რომ არასწორია ამ ორ ფაქტს შორის კავშირზე საუბარი.

„მე არ მიმაჩნია, რომ ის, რომ ჩვენ ქორწინების დეფინიციის მკაფიო განსაზღვრება გვინდა, რომ კონსტიტუციაში ჩავწეროთ, არის მიზეზი იმისა, რომ შეიძლება განსხვავებული ნიშნით ადამიანის მიმართ ძალადობის გამოვლინება ხდებოდეს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს ერთმანეთთან კავშირშია და ვინც ასე აკავშირებს, მგონია, რომ მცდარია ეს პოზიცია. რაც შეეხება ამ ფაქტს [ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობას], რა თქმა უნდა, მეც ვგმობ ამ ძალადობას იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანის მიმართ ძალადობა, თუ ის განსხვავებულია, განსხვავებულად ფიქრობს ან განსხვავებული წესით ცხოვრობს. კარგია, რომ გამოძიება დაიწყო. ვიცი, რომ უკვე იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მონაწილეობდა ამ ძალადობრივ აქტში და მიმაჩნია, რომ ეს ფაქტიც უნდა იყოს გამოძიებული და ბოლომდე რეაგირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არანაირი ნიშნით ძალადობას მე არ ვუჭერდი და არასდროს არ დავუჭერ მხარს", - თქვა ეკა ბესელიამ.

ტაბულას კითხვაზე, რამდენად გრძნობს პასუხისმგებლობას ქართული ოცნების სხვა წევრების მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებებზე, ეკა ბესელიამ უპასუხა, რომ გუნდში შესაძლოა არსებობდნენ განსხვავებულ აზრზე მყოფი ადამიანები, მაგრამ ქართულმა ოცნებამ საერთო პოზიცია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით დააფიქსირა.

„ცალკეული ბევრი განცხადება შეიძლება არ მოგვეწონოს და შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ ის, რაც გუნდის საერთო პოზიციაა და ამაზე ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, მით უფრო, როდესაც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ კანონი მივიღეთ, ამით საერთო პოლიტიკური ნება გამოვხატეთ, რომ არავითარი ძალადობა არ იქნება გამართლებული არანაირი ნიშნით. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა და განსხვავებულად მოაზროვნე და მოფიქარალი ადამიანები შეიძლება ვიპოვოთ არა მარტო ერთ გუნდში, არამედ ოჯახშიც", - ამბობს ბესელია.

ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბესელიას თქმით, მას არასწორად მიაჩნია გამოძიებისთვის კვალიფიკაციის შეთავაზება. მისი აზრით, ეს სასამართლოს კომპეტენციაა.

„რაც შეეხება კვალიფიკაციას, მე ყოველთვის მოვუწოდებდი ყველას, იქნებოდა ეს სახალხო დამცველი თუ სხვა სტრუქტურები, რომ საგამოძიებო ორგანოსთვის გარედან კვალიფიკაციის შეთავაზება არასწორია საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ კვალიფიკაციის განსაზღვრის უფლება აქვს მხოლოდ გამოძიებას და შემდეგ სასამართლოს. ეს არის სასამართლოს კომპეტენცია. თუ ის ჩათვლის, რომ არასწორადაა დაკვალიფიცირებული მუხლი, მან უნდა მიიღოს ეს გადაყვწტილება", - თქვა ბესელიამ.

ტრანსგენდერ ქალს თავს ორი დღის წინ დაესხნენ. მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

 

კომენტარები