საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

ბესელია უკრაინის რეზოლუციაზე: ბოდიში, თუ საქართველოს ინტერესებს უფრო მაღლა ვაყენებ

ტაბულა

კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე შემუშავებულ დოკუმენტებში საქართველოს პრობლემატიკა, ქართული დელეგაციის წარმომადგენელი ეკა ბესელია პასუხობს, რომ რეზოლუცია ეხებოდა უკრაინის ტერიტორიას, საქართველო კი უკრაინის ნაწილი არაა. მისი თქმით, საქართველომ აღნიშნულ რეზოლუციას კომიტეტის სხდომაზე დაუჭირა მხარი, სესიის დროს კი საქართველოს დელეგაცია შვეიცარია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ფილიპო ლომბარდის ხვდებოდა. ბესელიას თქმით, ქართული დელეგაციის წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა იმიტომ არ მიიღეს, რომ მათ საქართველოს ინტერესები უფრო მაღლა დააყენეს, ვიდრე უკრაინის.

"ყველას ვურჩევ, დემაგოგიური და იაფფასიანი განცხადებები არ აკეთოს და თუ აკეთებს, ამაზე ჩვენ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. არაერთხელ განვმარტეთ და მგონი, გასაგებად ითქვა, მაგრამ თუკი ვინმეს დამატებითი სიცხადე სჭირდება, ეს არ იყო საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია. ეს იყო უკრაინასთან დაკავშირებული ტექსტი. კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც მე პირადად ვესწრებოდი, ყველა შესწორებას მხარი დავუჭირე. მთლიან რეზოლუციასაც დავუჭირე მხარი, სესიაზე მე კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვიღებ. უკრაინელი კოლეგების მხრიდან არც დელეგაციასთან ყოფილა რაიმე თხოვნა ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, იმ პერიოდში ვხვდებოდით შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენლებს, ბატონ ლომბარდის, რომელიც ასევე არ მონაწილეობდა კენჭისყრაში და, ასევე, კენჭისყრაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ბატონ აგრამუნტის, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის ლიდერია. რეზოლუცია ეხება უკრაინას და არა საქართველოს - უკრაინის ტერიტორიციაზე აგრესიასა და ადამიანის უფლებების დარღვევას. ეს არ არის რეზოლუცია საქართველოზე. უკრაინის ტერიტორიაზეა და ჩვენ უკვე უკრაინის ტერიტორია გავხდით?! თუ საქართველო უკრაინის ტერიტორია გახდა, მაშინ მითხარით. სახელწოდებას ხომ უნდა მივაქციოთ ყურადღება", - თქვა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განმარტებით, საქართველოს დელეგაცია ფილიპო ლომბარდისთან არჩევნების შედეგებსა და მომავალ თანამშრომლობაზე საუბრობდა, რაც, მისივე თქმით, უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სხვა ქვეყნების ინტერესები.

"ხმა არ მიუცია ბატონ ლომბარდის, რომელსაც ჩვენ ვხვდებოდით საქართველოს დელეგაციის სახელით და, მათ შორის, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და მომავალ თანამშრომლობაზე ვსაუბრობდით. საქართველოს რაც ეხება, ჩვენს ინტერესებშია, რომ როცა ჩვენი ქვეყნის მომავალ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, ის იყოს პრიორიტეტი. უკრაინასთან დაკავშირებულ ყველა რეზოლუციას ვუჭერდით მხარს და ახლაც დავუჭირეთ მხარი კომიტეტზე. სესიაზე ჩვენი დელეგაციის ორი წევრი არ იმყოფებოდა, რადგან ვმართავდით შეხვედრას საქართველოსთან დაკავშირებით. მომიტევეთ, თუკი საქართველოს ინტერესებს უფრო მაღლა დავაყენებთ ჩვენ, ვიდრე სხვა ქვეყნის ინტერესებს", - თქვა ბესელიამ
ცნობისათვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია "უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებს", მეორე კი, "უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად უკრაინულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების სამართლებრივ საშუალებებს" ეხება. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნული რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

საქართველოს დელეგაციის წევრების განმარტებით, ისინი კენჭისყრას არ ესწრებოდნენ, რადგან ამ დროს შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდნენ, თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი შვეიცარიის დელეგაციამაც დაუჭირა.

კომენტარები