არჩევნები 2016

კეკენაძე: სავარაუდოდ, საარჩევნო უბნებზე ჩვენი წარმომადგენლები გაიყიდნენ

თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე  ამბობს, რომ მისი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, სავარაუდოდ, "გარიგდნენ ან გაიყიდნენ".

"გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ჩვენმა წარმომადგენლები, რომლებიც არიან როგორც კომისიებში, ასევე არიან პარტიის წარმომადგენლები უბანზე, გარიგდნენ ან გაიყიდნენ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების გვარები ვიცით, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, დავადასტუროთ ასეთი ფაქტები. მეორე ტურებში ჩვენს პარტიას აქვს უფლება, გვყავდეს კომისიის წევრები და ვაპირებთ, რომ უბნების მიხედვით გავიაროთ. სადაც არსებობს ეჭვი, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, ვაპირებთ, რომ ასეთი ადამიანები გამოვიწვიოთ", - ამბობს კეკენაძე და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ადამიანების გამო მოხდა იმ ბიულეტენების გაბათილება, სადაც თავისუფალი დემოკრატები იყო შემოხაზული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თავისუფალ დემოკრატებს 81 438 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 4.63%-ია. პატრიოტთა ალიანსმა კი, რომელმაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოახერხა, 88 097 ხმა მიიღო.

კომენტარები