გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძე აფეთქების საქმეზე: დღეს ვნახეთ ისევ არაფერი

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გივი თარგამაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. თარგამაძის შეფასებით, საქმის გამოძიება სრულად პოლიტიზებულია. მისი თქმით, კადრები, რომლებიც თავდაპირველად შსს-მ გაავრცელა, სავარაუდოდ ნამდვილი იყო, თუმცა დაუდგენელია, არის თუ არა პირი, რომელიც მანქანაზე ასაფეთქებელს ამონტაჟებს, დავით ხეჩუაშვილი. თარგამაძის თქმით, არჩევნებამდე აშკარად იყო მცდელობა ბრალდებული ხეჩუაშვილის უკრაინასთან კავშირები გამოკვეთილიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ხეჩუაშვილი არა უკრაინაში, არამედ რუსეთში იმყოფება, მთავრობის ამ სცენარმა არ გაამართლა.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, მისი აფეთქების საქმეზე გამართულ შსს-ს ბრიფინგზე დღეს "ვნახეთ ისევ არაფერი". როგორც თარგამაძემ რუსთავი ორთან ჩართვაში აღნიშნა, მისი აზრით, შსს-მ აფეთქების საქმეზე ბრალდებულის ნათესავი მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ "ვინმე დაეკავებინათ". 

"ვნახეთ, რომ აფეთქებიდან რამდენიმე საათში პრემიერმა დასვა მისთვის და მისი უფროსისთვის სასურველი აქცენტები, მიმართულება გააკეთა უკრაინისკენ, იმუნიტეტისკენ და აშ. ამის შემდეგ, მათ აშკარად სჭირდებოდათ წინასაარჩევნოდ საქმის გახსნა, რაც გააკეთეს კიდეც და ჩაატარეს წარმოდგენა ოთხ ადგილზე, სპეცოპერაციის გამოცხადებით, რამაც მოიტანა არაფერი. ერთადერთი, რაც მოიტანა, იყო ის, რომ ადამიანი, რომელსაც ისინი დებდნენ ბრალს, აღარ იმყოფება საქართველოში. ეს იყო [საქმის] პირველი გახსნის შედეგი. შემდეგ ჩვენ ვნახეთ, როგორ დააანონსა შს მინისტრმა [საქმის გახსნა] და მოთმინების მოკრება გვთხოვა, დღეს კი, ვნახეთ ისევ არაფერი, გარდა იმისა, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, რომელიც მე ვფიქრობ, მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ნათესაურ კავშირში იმყოფება მათ მიერ ბრალდებულთან და მასზე იყო გაფორმებული მანქანა. ხელში სხვა არაფერი არ ეჭირათ, თან, დააკავეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და არა ამ საქმესთან კავშირში. სწორედ აქედან მაქვს ეჭვი, რომ ის დააკავეს უბრალოდ იმისთვის, რომ ვინმე მაინც დაეკავებინათ" - ამბობს თარგამაძე.

ენმ-ის დეპუტატის თქმით, "წინასწარგამოცხადებულ მიმართულებას დიდი ზიანი მიაყენა მათ მიერ ბრალდებულის მამამ, რომელმაც თქვა, რომ მის შვილს უკრაინასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რუსეთთან კი აქვს დიდი ხნის კავშირი". თარგამაძის თქმით, "ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი გია ვოლსკი კვლავ თავხედურად გვიწუნებს რიტორიკას და აგრძელებს წინასაარჩევნო დადგმის ვერსიას".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე დღეს ერთი პირი დააკავა, ხოლო მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. შსს-ს ცნობით, იარაღის უკანანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული მოქალაქე ბორის ჩაგუნავა, ხოლო განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით - ბრალი 1974 წელს დაბადებულ მოქალაქე დავით ხეჩუაშვილს წარედგინა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილის მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია.

დიდძალი იარაღის შენახვაში დაკავებული ბორის ჩაგუნავას დამცველი და ოჯახის წევრები კომენტარებს არ აკეთებენ. დავით ხეჩუაშვილი კი მისი მშობლების ინფორმაციით, მოსკოვში იმყოფება. მათი თქმით, ხეჩუაშვილმა საქართველო აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა.

გივი თარგამაძის მკვლელობა 4 ოქტომბერს, მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კომენტარები