არჩევნები 2016

პრეზიდენტო ცესკოს: დროულად გამოაქვეყნეთ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა

facebook.com/PresidentMargvelashvili

პრეზიდენტი მარგველაშვილი ცესკოს მოუწოდებს, პასუხი გაეცეს ეჭვებსა და კითხვებს საჩივრების, მათ შორის, ბათილი ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ცესკო პასუხისმგებელია არა მხოლოდ არჩევნების ჩატარებასა და შედეგების გამოცხადებაზე, არამედ საზოგადოების დროულ ინფორმირებაზეც.

"პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, მშვიდობიანად და სამართლიანად ყველა იმ ხარვეზის გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი ტურის დროს რამდენიმე ოლქში. ჩვენი ინფორმაციით, საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი იყოს გამოძიებული. პრეზიდენტის აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს ყველა იმ ეჭვსა და კითხვას, რაც გაჩნდა სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში ხმის დათვლასთან დაკავშირებით. საარჩევნო საკითხების სრულ სიცხადეზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად გამოქვეყნდეს ყველა ოფიციალური მონაცემი, მათ შორის, ბათილი ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია არჩევნების პროცესის ანალიზისთვის და არ მიადგეს ჩრდილი ამ მნიშვნელოვანი არჩევნების სამართლიანობას და ობიექტურობას. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში ბათილი ბიულეტენების თემა საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა და იწვევს. ყველა კითხვაზე და ეჭვზე პასუხის გაცემა ცესკოს ინტერესებში უნდა იყოს, ვინაიდან ცესკოს პასუხისმგებლობა და ვალდებულებაცაა არა მხოლოდ არჩევნების ჩატარება და შედეგების გამოცხადება, არამედ საზოგადოების დროული ინფორმირება", - ამბობს მიშველაძე.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია 8 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს. პარტიების წარმომადგენლების თქმით, ბიულეტენები ქართული ოცნების სასარგებლოდ გაბათილდა. ამ თემაზე ნაციონალური მოძრაობა დიპლომატიურ კორპუსსაც შეხვდა. კომისიის წევრებსა და ქართულ ოცნებას შორის გარიგებაზე საუბრობს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ისინი ხმების ხელახალ დათვლას ითხოვენ. გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობით უკმაყოფილოა ქართული ოცნებაც, თუმცა პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ კომისიის წევრებთან არანაირი შეთანხმება არ ყოფილა.

კომენტარები