ბიუჯეტი 2017

აუდიტის სამსახური: ორგანიზაციები, რომლებიც მთავრობას 2017 წლის ბიუჯეტიდან "გამორჩა"

iStockPhoto

მთავრობას ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია 2017 წლის ბიუჯეტიდან "გამორჩა", ამის შესახებ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნიდან გახდა ცნობილი. დასკვნის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტი არასრულია და მასში საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) და ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)აიპ) შესული არაა. მთავრობას ბიუჯეტის პროექტიდან საქპატენტი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც გამორჩა.

საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები, რომლებიც მთავრობას ბიუჯეტის პროექტიდან გამორჩა

  • სსიპ "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო"
  • სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი"
  • ა(ა)იპ სპორტული კლუბი "MIA FORCE"
  • ა(ა)იპ "შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი"
  • ა(ა)იპ "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბი - ს.კ. თსუ"
  • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "თბილისის ხელოვნების კოლეჯი"
  • სსიპ ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელი

საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფინანსება 2017 წლის ბიუჯეტით 37%-ით იზრდება და ის 946 მილიონ ლარს აღწევს. 

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილია, ბიუჯეტის კანონის პროექტი მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას სსიპ/ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რიცხოვნობის გეგმური მაჩვენებლების შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იქნეს, ერთი მხრივ, საბიუჯეტო უწყებების, ხოლო მეორე მხრივ ფინანსთა სამინისტროს მიერ ყველა მოქმედი სსიპ/ა(ა)იპ-ის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა და ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახვა", - წერია აუდიტის დასკვნაში. 

კომენტარები