აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპი: გაპრეზიდენტების შემდეგ პირველი საგარეო შეხვედრა პუტინთან მექნება

AP

ლას-ვეგასში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს შორის მესამე და უკანასკნელი სატელევიზიო დებატები გაიმართა. ძირითადი საკამათო თემები ვლადიმირ პუტინი, აბორტი და იარაღის ტარების უფლება იყო.

დებატების დაწყებისას კანდიდატებმა ერთმანეთს ხელი კვლავ არ ჩამოართვეს.

დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ დებატების მთავარი კითხვებია - მიიჩნევს თუ არა ტრამპი, რომ რუსეთი ჯაშუშების გზით ცდილობს ამერიკის არჩევნებში ჩარევას და საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ეხმარება თუ არა მას ვლადიმირ პუტინი.

ტრამპმა კი გამორიცხა, რომ დემოკრატების იმეილების გატეხვის უკან რუსეთი იდგეს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეროვნული სადაზვერვო დეპარტამენტის ინფორმაციით, დემოკრატების პარტიის საიტებსა და იმეილებზე კიბერშეტევა სწორედ რუსეთიდან განხორციელდა, რაც თავის მხრივ პუტინმა უარყო.

ტრამპის თქმით, პუტინი ჰილარი კლინტონს პატივს არ სცემს, რაზეც კლინტონმა უპასუხა, რომ პუტინს ურჩევნია, აშშ-ის პრეზიდენტი მისი სათამაშო იყოს.

ტრამპმა კი განაცხადა, რომ კლინტონი თავად არის სათამაშო და მას პუტინი მხოლოდ იმიტომ არ მოსწონს, რომ ის კლინტონზე ბევრად წარმატებული და გონიერი პოლიტიკოსია.



ფოტო: Getty Images

დონალდ ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, მისი პირველი საგარეო შეხვედრა პუტინთან შედგება.

აბორტის თემასთან დაკავშირებით, კლინტონი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ აბორტის უფლებას დაიცავს. ტრამპმა კი განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლო აბორტების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას გააუქმებს.

რაც შეეხება იარაღის ტარების უფლებას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის დაიცავს აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორებას იარაღის ტარების უფლების შესახებ. კლინტონი კი აცხადებს, რომ იარაღის ტარებაზე კონტროლი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს, თუმცა, ეს ზემოხსენებულ კონსტიტუციის შესწორებას არ ეწინააღმდეგება.

CNN-ის გამოკითხულთა 52% დებატების გამარჯვებულად კლინტონს მიიჩნევს, 39% კი - ტრამპს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები