ბიუროკრატია

2017 წლის ბიუჯეტით 37%-ით იზრდება და 946 მილიონს აღწევს სსიპ-ების დაფინანსება

flickr.com

მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, 37%-ით, 946 მილიონ ლარამდე ზრდის სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფინანსებას. სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები ნაწილობრივ ან სრულად ბიუჯეტის დაფინანსების ქვეშ მყოფი ორგანიზაციებია, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საქმიანობებში არიან ჩართული. მაგალითად, სსიპ-ს წარმოადგენს სუხიშვილების ქართული ცეკვისა და ბალეტის დასიც, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტით 960 ათას ლარს მიიღებს.

2017 წლისთვის სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების გადასახდელები 1.86 მილიარდი ლარი იქნება, აქედან 946 მილიონი საბიუჯეტო დაფინანსებაა, 914 მილიონი კი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების საკუთარი შემოსავლებია. მომავალ წელს 4%-ით იზრდება და 716 მილიონ ლარს აღწევს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ანაზღაურება. ანაზღაურების ზრდის მიუხედავად, ბიუჯეტში დაზუსტებას საჭიროებს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა. ბიუჯეტის პროექტში 226 სსიპ და 67 ა(ა)იპ არის შესული. 

სსიპ-ია ეკონომიკის სამინისტროს დაფუძნებული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოც, რომლის საბიუჯეტო დაფინანსება მომავალი წლისთვის 8.4 მილიონი ლარი იქნება. სსიპ-ს წარმოადგენს კონკურენციის სააგენტოც, რომლის დაფინანსება მომავალ წელს 1.8 მილიონი ლარი იქნება. ასევე სსიპ-ია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომლის დაფინანსებაც 63 მილიონი ლარი იქნება.

ზოგიერთი სსიპ-ი, იმისდა მიუხედავად, რომ ბიუჯეტის კანონის მიხედვით პირდაპირ ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს მაინც ბიუჯეტიდან იღებს. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი მომავალ წელს 53 მილიონია. ბიუჯეტის მონაცემებით, აქედან 0 თეთრია ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსება, თუმცა სინამდვილეში უნივერსიტეტის საბიუჯეტო დაფინანსება რამდენიმე მილიონს აღემატება, რაც სტუდენტების სასწავლო გრანტების დაფინანსებას უკავშირდება. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ბიუჯეტის თანდართული დოკუმენტი, რომელშიც სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შესახებაა ინფორმაცია აღწერილი, არასრულია. აუდიტის სამსახურმა თავად აღმოაჩინა 7 სსიპ/ა(ა)იპ, რომელიც ბიუჯეტის პროექტში არ იყო შესული, მათ შორის საქპატენტი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც არის.

კომენტარები