ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა

უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის დასარეგულირებლად სამოქმედო გეგმა შემუშავდება

0 კომენტარი
ფოტო: Sputnik/ Aleksey Nikolskyi

ბერლინში, სევასტოპოლისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ პირველად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. ვიზიტის მიზეზი "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრაა, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის მეთაურებს შორის გაიმართა.

"ნორმანდიული ოთხეულის" ფორმატის მიზანი მინსკის შეთანხმების ამოქმედებაა, რომლის დანიშნულებასაც აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაჭრა წარმოადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ნოემბრის ბოლომდე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონფლიქტის დასარეგულირებლად, სამოქმედო გეგმა შემუშავდება. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის ზონაში ეუთოს შეიარაღებული საპოლიციო მისია დაიწყებს მონიტორინგს.

გარდა ამისა, "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის შემდეგ , საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხიც განიხილეს.

ანგელა მერკელმა, პუტინთან სირიის საკითხზე მოლაპარაკებებს მძიმე უწოდა. ფრანსუა ოლანდმა კი, ალეპოზე ავიადარტყმები სამხედრო დანაშაულად მოიხსენია.

ვლადიმირ პუტინის ბერლინში ჩასვლა ადგილობრივმა აქტივისტებმა გააპროტესტეს, ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის მიმდინარეობისას, მათ რაიხსტაგთან წითელი საღებავით შეღებილი სათამაშო დათვები მიიტანეს, რაც სირიაში დაღუპული ბავშვების სიმბოლიზაცია იყო. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა "ალეპოში ბავშვების დაბომბვის შეწყვეტა იყო".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები