უბედური შემთხვევა

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამხედროები თბილისში გადმოჰყავთ

კახეთში სამხედრო მოსამსახურეებით სავსე ავტომანქანა გადატრიალდა. შედეგად, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის თბილისში გადმოჰყავთ. სამინისტროს ინფორმაციით, სტაბილურია წნორის კლინიკაში განთავსებული 8 პაციენტის მდგომარეობა. 

"ამ დროისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 სამხედრო მოსამსახურე თბილისში გადმოჰყავთ. კატასტროფის ეკიპაჟები უკვე დედოფლისწყაროს კლინიკაში გავიდნენ. 27 პაციენტიდან 5 თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. მათ მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ. სტაბილურია წნორის კლინიკაში განთავსებული 8 პაციენტის მდგომარეობა. მათ შესაბამისი მკურნალობა ადგილზე უტარდებათ და თბილისში გადმოყვანას არ საჭიროებენ,"- წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამხედრო ავტომობილში სულ 37 სამხედრო იმყოფებოდა. მომხდარზე ინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები