არჩევნები 2016

გეგიძე NDI-ზე: მათ შეუძლიათ მშვიდად დააკვირდნენ პროცესებს

ბიძინა გეგიძე
ტაბულა
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 8 ოქტომბრის არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა რიგი პრობლემები გამოავლინა, რამაც სპეკულაციას, გაუგებრობასა და უნდობლობას შეუწყო ხელი. NDI-ის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ვაკის მეორე ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ "NDI-ის შეუძლია მშვიდად დააკვირდეს მიმდინარე პროცესებს," გეგიძის შეფასებით, ყველა ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავები ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებენ.
 
"მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ეს ინციდენტი იქნება გამოძიებული, იმისდა მიხედვით, რა იყო მიზეზები. მიზეზებიდან გამომდინარე სადაც არის საჭირო, რომ იყოს გამოძიება ჩატარებული, იქნება გამოძიება ჩატარებული. სადაც არის საჭირო, რომ რეაგირება იქნეს გაკეთებული, იქ მოხდება რეაგირება, აქედან გამომდინარე NDI-ის შეუძლია მშვიდად დააკვირდეს ყველა ამ პროცესს. ლეგიტიმაციას რაც შეეხება, არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება,"- რუსთავი 2-თან ამბობს ბიძინა გეგიძე.
 
"8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების უმრავლესობას ჰქონდა საშუალება, თავისუფლად მიეცა ხმა და არჩევნების შედეგები მათ ნებას ასახავს, თუმცა არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა რიგი პრობლემები გამოავლინა, რამაც სპეკულაციას, გაუგებრობასა და უნდობლობას შეუწყო ხელი. ამ საკითხების რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა მომავალი არჩევნები, ასევე მომავალი პარლამენტისა და მთავრობის მანდატის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოთხი განმეორებითი კენჭისყრისთვის (22 ოქტომბერს) და ასევე 50 ოლქში მეორე ტურისთვის (30 ოქტომბერს) ემზადება, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი უფლებამოსილებები და რესურსები ამ პრობლემების მოსაგვარებლად გააერთიანონ", - წერია NDI-ის განცხადებაში. 

კომენტარები