უბედური შემთხვევა

იზორია: სამინისტრო მზად არის გვედრში დაუდგეს დაზარალებულთა ოჯახებს

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს, რომ სამინისტრო მზადაა ავტოსაგზაო შემთხვევაში დაზარალებული ჯარისკაცების ოჯახებს გვერდში დაუდგეს. კახეთში სამხედრო მოსამსახურეებით სავსე ავტომანქანა გადატრიალდა. შედეგად, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 სამხედრო მოსამსახურე რეანომობილებით თბილისში გადმოიყვანეს.

"უკვე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება ჯარისკაცი მიქანაია, კიდევ ორს ველოდებით, ჯარისკაცებს გელაშვილს და ლატარიას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვებთან შედარებით უფრო მძიმეა, თუმცა სტაბილური. მე ვცდილობ ოჯახებთანაც მქონდეს კომუნიკაცია, რომ მათაც ჰქონდეთ შესაძლებლობა მოვიდნენ, მოინახულონ თავიანი ოჯახის წევრები და მინდა საზოგადოებას ვუთხრა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ბიჭების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის. სამინისტრო ყველანაირად მზად არის რომ გვერდში დაუდგეს დაზარალებულთა ოჯახებს,"- რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს იზორია.

"სტაბილურია წნორის კლინიკაში განთავსებული 8 პაციენტის მდგომარეობა. მათ შესაბამისი მკურნალობა ადგილზე უტარდებათ და თბილისში გადმოყვანას არ საჭიროებენ,"- წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამხედრო ავტომობილში სულ 37 სამხედრო იმყოფებოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები