არჩევნები 2016

კობახიძე: კონსტიტუციით გვყავს ძლიერი პრემიერი, სუსტი პარლამენტი და პრეზიდენტი

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში იმ ცვლილებებს აღწერს, რაც მისი აზრით კონსტიტუციაში უნდა შევიდეს. კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მოქმედი კონსტიტუციური მოდელი დაბალანსებას საჭიროებს, რადგანაც საქართველოს ჰყავს ძლიერი პრემიერი, სუსტი პარლამენტი და სუსტი პრეზიდენტი, რაც პარლამენტის უფლებამოსილების ზრდით უნდა დაბალანსდეს. კობახიძის აზრით კონსტიტუციის 81-ე მუხლი, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას აღწერს უნდა შეიცვალოს. 

"მთავარი ამოცანა კონსტიტუციის არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის უზრუნველყოფა, დღეს ეს პრინციპი სამწუხაროდ კონსტიტუციის ტექსტში არ არის დაცული, თუმცა პრაქტიკა არის განსხვავებული, პრაქტიკაში არ გამოვლენილა ის ხარვეზები, რაც ტექსტს პოტენციურად შეეძლო გამოეწვია. 

2013 წლამდე, იმ პერიოდში სანამ ამოქმედდებოდა 2010 წელს შესული ცვლილებები ქვეყანაში მოქმედებდა საპრეზიდენტო სისტემა. გვყავდა სუპერ ძლიერი პრეზიდენტი, ავტოკრატიული თვისებებით, გვყავდა სუსტი მთავრობა და სუსტი პარლამენტი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი იყო ის რომ სააკაშვილს შეენარჩუნებინა ძალაუფლება და მივიღეთ კონსტიტუციის ტექსტი, რომლითაც გვყავს ძლიერი პრემიერმინისტრი, სუსტი პარლამენტი და სუსტი პრეზიდენტი. ეს არის საერთო სიტუაცია, რომელსაც დაბალანსება ესაჭიროება.

მთავარი ამოცანა არის პარლამენტის გაძლიერება. არის კონკრეტულ მუხლებზე საუბარი, რომელსაც ადრე ვენეციის კომისიაც აკრიტიკებდა. კონსტიტუციის 81-ე მუხლის მიხედვით მაგალითად ძალიან შესუსტებულია პარლამენტის როლი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში,"- ტელეკომპანია იმედთან საუბარში ამბობს კობახიძე.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას რისკად აფასებს. პროდასავლური პარტიებისადმი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვაში წერია, რომ ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის აღმოჩენამ შესაძლოა, დემოკრატიული განვითარების პროცესი შეაფერხოს. 

კომენტარები