ლუკოილი

LUKOIL-მა 4.7-მილიონიან ჯარიმაზე დავა წააგო, კომპანია გასაჩივრებას გეგმავს

slon.ru

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნავთობკომპანია ლუკოილთან მიმართებით ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებული 4.7-მილიონიანი ჯარიმა. კონკურენციის სააგენტოს მტკიცებით, დაჯარიმების მიზეზი 2012-2014 წლებში ლუკოილისა და სხვა ნავთობკომპანიების მხრიდან კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა გახდა. სააგენტომ 2015 წლის ზაფხულში ბაზრის კვლევის შემდეგ ნავთობის ბაზრის ყველა ძირითად მოთამაშეს ჯამში 55-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა, მას შემდეგ პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა. 

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ნავთობკომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. დაჯარიმებული ნავთობკომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. სოკარი 14.4 მილიონი.
  2. გალფი 11.2 მილიონი.
  3. რომპეტროლი 10.9 მილიონი.
  4. ვისოლი 10.4 მილიონი.
  5. ლუკოილი 4.7 მილიონი.

ლუკოილი დღევანდელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ეს სოკარის ჯარიმის ძალაში დატოვების შემდეგ მეორე საქმეა, რომელიც საქალაქო სასამართლომ განიხილა. 

ნავთობკომპანიების დაჯარიმების გამო საქართველოს მაშინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ სახელმწიფოს მიერ ჯანსაღი კონკურენციის პირობების დანერგვის ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კი ამბობდა, რომ კომპანიების დაჯარიმება მომავალში ნავთობის ბაზარზე სპეკულაციების თავიდან არიდებას გამოიწვევდა.

კომენტარები