სოციოლოგიური კვლევების კომპანია GFK-იმ ავსტრალიის მთავრობის დაკვეთით "ყველაზე უშნო" ფერის გამოსავლენად კვლევა ჩაატარა. ფერი, რომელსაც გამოკითხულთა ყველაზე დიდმა ნაწილმა ნეგატიური შეფასება მისცა, Pantone 448c-ა, მათ ეს ფერი სიკვდილსა და უსუფთაობას შეადარეს.
ავსტრალიის მთავრობას "ყველაზე უშნო ფერი" თამბაქოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანიისთვის სჭირდებოდა. სახელმწიფო რეგულაციით, თამბაქოს პროდუქტების ეტიკეტები სრულად Pantone 448c-ით დაიფარა და, ამასთანავე, მათზე თამბაქოს მოხმარების ნეგატიური შედეგების ამსახველი ფოტომასალა განთავსდა.
ავსტრალიაში მაღალი აქციზური გადასახადის გამო ერთი კოლოფი სიგარეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირიც ღირს. მელბურნში, კოლოფი Marlboro-ს ღირებულება დაახლოებით $24-ია.
Pantone არის კომპანია, რომელმაც ფერების კალიბრირების ფართოდ გავრცელებული სისტემა შექმნა, მასში ყველა ფერს საკუთარი კოდი აქვს მინიჭებული.