თავდაცვის სამინისტრო

იზორია: კრწანისის საწვრთნელი ბაზის გუშაგი მოიქცა აბსოლუტურად ნორმების დაცვით

ლევან იზორია
თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გუშინ ღამით კრწანისის საწრთვნელ ბაზაზე მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბაზაზე 4 პირი სრულიად უკანონოდ შეიჭრა და გუშაგი ნორმების დაცვით მოიქცა. მან ისიც აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილთან ახლოს ნაპოვნია მობილური ტელეფონი და ცეცხლსასროლი იარაღი.

„დილის 4-ის ნახევარზე სამი პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტრში, რომელიც დაცულია და გუშაგი მოიქცა აბსოლუტურად ნორმების დაცვით. შესაბამისად, გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს იმ ორი თანმხლები პირის დადგენა. შემთხვევის ადგილზე, ამ ცენტრიდან დაახლოებით 100 მეტრში, ნაპოვნი იქნა მობილური ტელეფონი, პისტოლეტიც. შესაბამისად, გამოძიება მომხდარზე ამომწურავ ინფორმაციას იტყვის ახლო მომავალში", - თქვა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე სამი უცნობი პირი გუშინ შეიჭრა. უწყების მტკიცებით, ისინი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და მას ცეცხლმაქრი ესროლეს. ამის შემდეგ, გუშაგმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

"თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ", - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს 1993 წელს დაბადებული გიორგი შენგელიას ცხედარი.

გარდაცვლილის ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ვერსიას არ ენდობა. შენგელიას მამა ამბობს, რომ მის შვილს ტყვია ზურგში აქვს ნასროლი, "რაც ადასტურებს, რომ გაქცევისას მოკლეს". რომან შენგელია ასევე გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. გარდაცვლილის ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას და დანაშაულის ჩადენის მოტივის დადგენას ითხოვს.

კომენტარები