მაჭავარიანი: საგადასახადო შემოსავლები იკლებს, რასაც მთავრობა შიდა ვალით აბალანსებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ მიხეილ მაჭავარიანის თქმით, დაბალ ეკონომიკურ აქტივობაზე ბიუჯეტის შემოსავლების მაჩვენებლებიც მეტყველებს. დღგ-ის გადასახადის 9 თვის გეგმის მხოლოდ 87%-ია შესრულებული, საერთაშორისო გრანტების მიმართულებით გეგმასთან 84-მილიონიანი ჩამორჩენაა, საერთაშორისო კრედიტების მიმართულებით კი - 311-მილიონიანი. პრივატიზაცია კი გეგმას 4 მილიონი ლარით ჩამორჩება. 

"ეკონომიკის სავალალო მდგომარეობაზე მეტყველებს ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებას 132 მლნ ლარი დააკლდა. საგადასახადო შემოსავლებში ყველაზე დიდი დანაკლისი დღგ-ის გადასახადშია, იგი შესრულდა 87,7%-ით, რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა. საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული პროდუქციის და მომსახურების ნაწილშია დიდი შეუსრულებლობა, 2015 წელთან შედარებით წელს 704 მლნ ლარით ნაკლებია შემოსული. ვერ შესრულდა გრანტების მუხლიც, დანაკლისმა შეადგინა 84 მლნ ლარი, გეგმასთან შედარებით პრივატიზაციიდან მიუღებელი დარჩა 4 მლნ ლარი. ვერ შესრულდა საზღვარგარეთიდან მისაღები გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების მუხლიც - 311 მლნ ლარით დანაკლისია", - ამბობს მაჭავარიანი.

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ამ კლების დასაფინანსებლად მთავრობამ შიდა ვალი დაგეგმილზე დიდი მოცულობით აიღო. ბიუჯეტით 2016 წლის 9 თვეში 200 მილიონის მოცულობით შიდა ვალის აღება იყო გათვალსწინებული, თუმცა მთავრობამ ამ პერიოდში 211 მილიონის შიდა ვალი აიღო.

კომენტარები