კრწანისის საწვრთნელი ბაზა

პრესსპიკერი: მნიშვნელოვანია, რომ კრწანისის ბაზაზე მომხდარი დროულად გამოიძიონ

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კრწანისის საწრთვნელ ბაზაზე ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა ჩატარდეს დროული და გამჭვირვალე გამოძიება და ამომწურავი პასუხი გაეცეს დაღუპული პირის ოჯახის წევრებისა და საზოგადოების კითხვებს.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა კრწანისის სასწავლო ცენტრში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მომხდარის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, ასევე, საქართველოში ყველაზე დაცული ცენტრი, სადაც განთავსებულია NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წვერებსა და საზოგადოებას, უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი. არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი და ეჭვი ამ ფაქტთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, სამხედრო ძალების რეპუტაციისთვის", - თქვა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი დღის წინ კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე სამი უცნობი პირი შეიჭრა. უწყების მტკიცებით, ისინი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და მას ცეცხლმაქრი ესროლეს. ამის შემდეგ, გუშაგმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

"თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ", - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს 1993 წელს დაბადებული გიორგი შენგელიას ცხედარი.

გარდაცვლილის ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ვერსიას არ ენდობა. შენგელიას მამა ამბობს, რომ მის შვილს ტყვია ზურგში აქვს ნასროლი, "რაც ადასტურებს, რომ გაქცევისას მოკლეს". რომან შენგელია ასევე გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. გარდაცვლილის ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას და დანაშაულის ჩადენის მოტივის დადგენას ითხოვს.

კომენტარები