ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.8 თეთრით, ევროსთან კი 0.6 თეთრით გაუფასურდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3888 ლარი გახდა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3803 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.85 თეთრით გაუფასურდა. რაც შეეხება ევროს, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5983 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5919 ლარი იყო. ლარის კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.6 თეთრი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი აუცილებლად შეინარჩუნებს სტაბილურობას და მას გამყარების ტენდენციაც ექნება, თუმცა ხადური ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს, თუ რას ნიშნავს საშუალოვადიანი პერიოდი.

"ლართან დაკავშირებით გააკეთა განცხადება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის თანახმადაც ერთჯერად ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი. ეს ტრანზაქციები დასრულებულია და იმედი გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება", - ამბობს ხადური.

აღსანიშნავია, რომ 25 აგვისტოს შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა ჯამში $180 მილიონი სავალუტო რეზერვი გაყიდა. სებ-ი 28 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, განმარტავს, რომ კურსის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციითა და წინასაარჩევნო მოლოდინებით. ამავდროულად, ბანკი განმარტავს, რომ ის სავალუტო ინტერვენციებს მიმართავს მაშინ, როდესაც ამის საშუალებას მაკროეკონომიკური ფაქტორები იძლევა და ამ ინსტრუმენტის მთავარი მიზანი კურსის ჭარბი მერყეობის შემცირებაა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები