გირჩი

გირჩი: არასოდეს ვიქნებით Offline და ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, იქნება Public

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი განცხადებას ავრცელებს და წარსულ შეცდომებთან ერთად, მომავალ გეგმებზეც საუბრობს. პარტია უარს ამბობს, იყოს ტრადიციული პოლიტიკური პარტია ოფისებითა და პარტიული სტრუქტურებით.

"ვაპირებთ, გირჩი ვაქციოთ პირველ სრულად ელექტრონულ კომუნიკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც Facebook-ის მეშვეობით გააერთიანებს ადამიანებს, რომელთაც სწამთ თავისუფლების. არასოდეს ვიქნებით Offline და ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, იქნება Public. ჩვენ უარს ვამბობთ პოლიტიკოსების დაყოფაზე მტრებად და მეგობრებად, ამიტომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან თუ მათი ქმედება, ჩვენი აზრით, წაადგება ამ ქვეყანას. ჩვენ ვაპირებთ, დაგანახოთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, როგორ ანადგურებთ საკუთარი შვილების მომავალს იმით, რომ მხარს უჭერთ თავისუფლების შეზღუდვას ამა თუ იმ მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ, დაგანახოთ რამდენად პირდაპირ კავშირშია თქვენი სიღარიბეში ცხოვრება ქვეყანაში თავისუფლების ნაკლებობასთან. ჩვენ ვაპირებთ, დაგანახოთ, თუ რამხელა აბსურდია სიტყვებში - „რა დროს თავისუფლებაა, როცა ხალხს შია", ვინაიდან გვჯერა, რომ შიმშილის ყველა მიზეზიც თავისუფლების ნაკლებობიდან მოდის. ჩვენ ვაპირებთ, დაგანახოთ, რომ მოქალაქეთა შეზღუდული თავისუფლება პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას და ამ ბრძოლაში ვიქნებით გაცილებით რადიკალურები, გაცილებით თავისუფლები, გაცილებით რთულად ასატანები ბევრი თქვენგანისთვის. ჩვენ ვიქნებით სარკე, რომელშიც გამოჩნდება ყველაფერი, რაც ყარს ამ ქვეყანაში" - ნათქვამია გირჩის განცხადებაში. 

ახალი პოლიტიკური ცენტრი იქვე აღნიშნავს, რომ მათი მთავარი ტაქტიკური შეცდომა გირჩის რამდენიმე წარმომადგენლის პარლამენტში გაყვანის აუცილებლობის შესახებ მოსაზრება იყო.

"საპარლამენტო ტრიბუნის, როგორც ინსტრუმენტის შენარჩუნებას გადაჭარბებული მნიშვნელობა მივანიჭეთ. რაღაც მომენტში გვიმტყუნა თავდაჯერების გრძნობამ, ვერ გავბედეთ სისტემის გარეთ დამოუკიდებლად მოქმედება და წამოვიწყეთ ტრადიციული პოლიტიკური თამაში. ამ შეცდომის შედეგი იყო:„გირჩის" სხვა, ტრადიციული პოლიტიკური პარტიების მსგავსი ფორმითა და სტრუქტურით შექმნის მცდელობა და მთელ რიგ საკითხებში ჩვენგან განსხვავებული შეხედულებების მქონე თუ საერთოდ შეხედულების არმქონე უცნაურ პოლიტიკურ პარტიებთან და ადამიანებთან გაერთიანება. ხოლო მთავარი შინაარსობრივი შეცდომა იყო ძირითადი პრობლემის ვერდანახვა - ჩვენი მთავარი კონკურენტი იყო არა პოლიტიკური სპექტრი, არამედ საზოგადოების ერთი ნახევრის მითოლოგიური წარმოდგენების ნაკრები და მეორე ნახევრის პოლიტიკური ცხოვრებისადმი ობიექტური ნიჰილიზმი, რაშიც ჩვენ შეცდომებსაც მიუძღვის გარკვეული წვლილი" - აცხადებს გირჩი.

 

კომენტარები