არჩევნები 2016

ყოფილი თავდემები ამომრჩეველს II ტურებში ქართული ოცნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრები ამომრჩეველს მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა ეს განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს, რასაც გუშინ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარესთან შეხვედრა უძღოდა წინ. მათივე თქმით, არერთხელ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ქართული ოცნებისგან თანამდებობებთან დაკავშირებით არანაირი შეთავაზება არ მიუღიათ და მათთან არც რაიმე სახის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

თავისუფალი დემოკრატების ყოფილ წევრებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებად აფასებს გია ვოლსკი, თუმცა მმართველი გუნდის მიერ მათთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს ან მოსალოდნელ თანამშრომლობას კვლავ უარყოფს. მისივე თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება გუშინდელ შეხვედრას არ უკავშირდება.

ყოფილი თანაგუნდელების განცხადებები და ხელისუფლებასთან შესაძლო თანამშრომლობა მიუღებელია თავისუფალი დემოკრატებისთვის. ისინი ქართული ოცნების მხარდამჭერ განცხადებებს ემიჯნებიან და ყოფილ თანაგუნდელებს მეორე ტურში ქართული ოცნების მხარდამჭერი მოწოდებების გამო აკრიტიკებენ.

დღეს ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად არ გამოჩენილან თავისუფალი დემოკრატების ასევე ყოფილი წევრები ირაკლი ჩიქოვანი და ვიქტორ დოლიძე, რომლებმაც პარტია გია ცაგარეიშვილთან, ზურაბ აბაშიძესთან და დავით ონოფრიშვილთან ერთად დატოვეს. კომენტარი ჯერ არც ირაკლი ალასანიას გაუკეთებია.

კომენტარები