აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპი: კლინტონის პოლიტიკა სირიის კონფლიქტის შესახებ, მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლინტონის სირიის კონფლიქტის დასარეგულირებელი გეგმა მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს.

ტრამპის თქმით, სირიაში აშშ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული და არა ბაშარ ალ-ასადის გადაყენებაზე. 

"თუ ჰილარის მოვუსმენთ, ის სირიის რეგიონში მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს. თქვენ აღარ ებრძვით მხოლოდ სირიას, ბრძოლა სირიის, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ მიმდინარეობს. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, მაგრამ ისეთი, სადაც, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ბირთვული იარაღი მოქმედებს", - თქვა ტრამპმა.

კლინტონის გეგმა, რომ სირიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოცხადდეს, ხოლო ხმელეთზე მოქალაქეების დასაცავად მშვიდობიანი ზონები შეიქმნას, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, აშშ-ს რუსეთთან და მის ბომბდამშენებთან უშუალო კონფლიქტს მოუტანს, ამ მოსაზრებას აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების ნაწილიც ეთანხმება.

ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონი ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო, მასთან მოლაპარაკებების გამართვას ვერ შეძლებს.

გარდა ამისა, ტრამპი რესპუბლიკური პარტიის გაკრიტიკებასაც არ მოერიდა და აღნიშნა, რომ თუკი პარტია მისი კანდიდატურის ირგვლივ გაერთიანდებოდა, კლინტონს მათი დამარცხების შანსი არ ექნებოდა.

კომენტარები