ჰააგის სასამართლო

აფრიკის ქვეყნები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებენ

Getty Images

გუშინ, გამბიის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების შესახებ განაცხადი შეიტანა. ბურუნდისა და სამხრეთ აფრიკის შემდეგ, გამბია მესამე ქვეყანაა, რომელიც ჰააგის სასამართლოს დატოვებას გეგმავს. ბურუნდი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადი შეიტანა, მათ ამის შესახებ 20 ოქტომბერს გამოაცხადეს. პროცედურული საკითხების გამო ზემოხსენებული ქვეყნები ორგანიზაციის საბოლოოდ დატოვებას 1 წელიწადში მოახერხებენ.

გამბია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმაში ადანაშაულებს, რომ მათ უსამართლოდ ამოიღეს მიზანში აფრიკის კონტინენტი და მხოლოდ აფრიკელები ცნეს დამნაშავეებად ბოლო დროს მიმდინარე 6 საქმის წინასწარი გამოძიებისას.

"ძალიან ბევრ, სულ მცირე, 30 დასავლურ ქვეყანაში მომხდარა საზარელი ომის დანაშაულები სხვა დამოუკიდებელი ქვეყნებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა მათ წინააღმდეგ ბრალი წაყენებული", - თქვა გამბიის საინფორმაციო მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი გამბიელი ფატუ ბენსუდაა.

აფრიკის ქვეყნების იერიში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე 2013 წელს დაიწყო, როდესაც კენიის პრეზიდენტი უჰურუ კენიატა და მისი მოადგილე უილიამ რუტო 2007-08 წლებში არჩევნების შემდგომ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს.

სამხრეთ აფრიკის მთავრობის თქმით, მათი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დარჩენა საფრთხეს უქმნის სამხრეთ აფრიკის როლს, როგორც რეგიონში მშვიდობისმყოფელის.

ამჟამად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 124 ქვეყანაა გაწევრიანებული და აქამდე არცერთ მათგანს არ დაუტოვებია ორგანიზაცია.

კომენტარები