ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 1.9 თეთრით, ევროსთან კი 3.2 თეთრით გაუფასურდა

wikimedia.org

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3888 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 1.92 თეთრით გაუფასურდა. რაც შეეხება ევროს, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6303 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5983 ლარი იყო. ლარის კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 3.2 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს განაცხადა, რომ ლარის კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია.

"თუ გადავხედავთ მიმდინარე ანგარიშის ბოლო თვეების ტენდენციებს, დინამიკა გაუმჯობესებაზე მეტყველებს. ტურიზმი გაიზარდა 11%-ით, ფულადი გაზვნილები 13%-ით არის გაზრდილი. სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8%-ით გაიზარდა, ამავე თვეში იმპორტი 2%-ით შემცირდა. ასევე ბოლო პერიოდში დოლარი მყარდებოდა საკმაოდ და გარკვეულწილად პიკსაც მიაღწია გუშინ სხვა ვალუტებთან შედარებით. თუ ყველაფერს ერთად შევხედავთ, დღევანდელ დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით", - ამბობს გვენეტაძე.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი აუცილებლად შეინარჩუნებს სტაბილურობას და მას გამყარების ტენდენციაც ექნება, თუმცა ხადური ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს, თუ რას ნიშნავს საშუალოვადიანი პერიოდი.

"ლართან დაკავშირებით გააკეთა განცხადება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის თანახმადაც ერთჯერად ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი. ეს ტრანზაქციები დასრულებულია და იმედი გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება", - ამბობს ხადური.

კომენტარები