რუსული პროპაგანდა

ტოლოკონიკოვა: ჯულიან ასანჟი აშშ-ის განადგურებას რუსეთის მთავრობის ხელით ცდილობს

Demotix

რუსულმა როკჯგუფმა Pussy Riot, რომელიც ანტიპუტინისტური რიტორიკით გამოირჩევა, ახალი ვიდეო Make America Great Again გამოუშვა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ქალთმოძულე და ანტიემიგრანტულ რიტორიკას ეხება. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ Daily Beast-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მსგავსებებზე და, ასევე, პუტინისა და WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის კავშირებზე ისაუბრა.

ტოლოკონიკოვას თქმით, ვლადიმირ პუტინის ინტერესებში შედის, რომ დასავლეთში რადიკალური მემარჯვენე, კონსერვატიული ძალები მოძლიერდნენ. მისი აზრით, პუტინსა და ტრამპს შორის მთავარი მსგავსება ისაა, რომ ორივეს სურს, ცივი ომის მდგომარეობა დააბრუნონ.

"ორივე მათგანი წარსულშია ჩარჩენილი. ტრამპი ამბობს: "კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული", პუტინი კი უამრავ თამაშს თამაშობს და ამბობს, რომ აღადგენს საბჭოთა კავშირს და "რუსეთს ისევ დიდებულს გახდის". მას სურს, რომ დააბრუნოს ცივი ომის მდგომარეობა, სადაც ისინი სხვადასხვა თამაშს ითამაშებენ და მთელ დანარჩენ მსოფლიოს საფრთხეში ჩააგდებენ. თუმცა, არცერთ მათგანს სამომავლო გეგმები არ გააჩნია. ხალხისთვის სამომავლოდ რისი შეთავაზება შეუძლიათ? არაფრის", - თქვა ტოლოკონიკოვამ.

ტოლოკონიკოვამ რუსეთის ხელისუფლებასთან ჯულიან ასანჟის კავშირებზეც ისაუბრა. მან 2 წლის წინ ეკვადორის საელჩოში ასანჟთან შეხვედრა გაიხსენა და თქვა, რომ ასანჟს აშშ-ის ხელისუფლების განადგურება უნდა, რასაც რუსეთის ხელისფლების ხელით აკეთებს. ტოლოკონიკოვამ ისიც გაიხსენა, რომ ამ შეხვედრის მეორე დღეს ასანჟი რუსეთის ყველაზე დიდი პროპაგანდისტული მედიის Russia Today-ს მთავარ რედაქტორს ხვდებოდა, რასაც ის არც მალავს.

"მე და ჯულიან ასანჟს საკმაოდ მძიმე საუბარი გვქონდა ორი წლის წინ, როდესაც ეკვადორის საელჩოში მივედი. არავის შეუძლია ადამიანი დაადანაშაულოს განსხვავებული პოზიციის გამო. მე მესმის მისი პოზიცია: ის ამერიკის ხელისუფლებას ებრძვის. ის ჭკვიანი და ქარიზმატულია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამერიკის მთავრობა დაანგრიოს. ჩვენი საუბარი ეხებოდა იმას, თუ რამდენად ეთიკურია, რომ ეს გააკეთო სხვა სახელმწიფოს [რუსეთის] ხელით, რომელიც სინამდვილეში უარესია და რეალური ავტორიტარული ხელისუფლება ჰყავს. ასანჟი ნამდვილად კარგი დიპლომატია - ჩემს კითხვებზე პირდაპირ პასუხს გაურბოდა და სხვა პასუხებს მაძლევდა, როგორც ხშირად პუტინი იქცევა მაშინ, როცა არასასიამოვნო კითხვას უსვამენ... ჩვენი შეხვედრის მეორე დღეს მასთან მთავარი რუსული პროპაგანდისტული მედიის Russia Today მთავარი რედაქტორი მივიდა და მათ საერთო პროექტი ჰქონდათ. ის ხშირად მუშაობს რუსული პროპაგანდის მანქანასთან და არც უარყოფს ამას. ჯულიან ასანჟი ამას არ მალავს, ვინაიდან Russia Today-ს რედაქტორს ეკვადორის საელჩოში მასპინძლობს და მასთან ერთად პროექტს აკეთებს. Russia Today-ს არაფერი საერთო არ აქვს სიმართლესთან. ისინი უამრავ ფულს იღებენ მთავრობისგან და იმის მაგივრად, რომ ეს ფული განათლებაში ან ჯანდაცვაში წავიდეს, ის პროპაგანდაზე იხარჯება, რაც რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შემაწუხებულია, რადგან დიდ ეკონომიკურ კრიზისს განიცდიან. ჯულიან ასანჟი ღიად მუშაობს რუსეთთან. ეს არაა საიდუმლო. ის დაკავშირებულია რუსეთის მთავრობასთან და ვგრძნობ, რომ ამით ამაყობს. მიუხედავად ამისა, ჯულიან ასანჟის მიერ გაკეთებული ბევრი რამეც მომწონს", - თქვა ტოლოკონიკოვამ.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 21 თებერვალს Pussy Riot-ის წევრები მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში შესრულებული პანკლოცვის - "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!"- გამო გაასამართლეს და ორწლიანი პატიმრობა რელიგიურად მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით მიუსაჯეს. ისინი 2013 წელს გაათავისუფლეს.

ჯგუფი დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას. მათი შემოქმედების უდიდესი ნაწილი ვლადიმირ პუტინის კრიტიკასა და ქალების უფლებების დაცვას ეძღვნება.

კომენტარები