NATO-საქართველო

ხოშტარია: NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე იზორიას არდასწრება საგანგაშო სიგნალია

helenkhoshtaria.fb.com

NARO-ს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის არდასწრებას საგანგაშო ფაქტს უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეს არის საფრთხის შემცველი საგარეო პოლიტიკური სიგნალი ხელისუფლების მხრიდან. ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას საქართველოს ინტერესების შელახვა.

"გუშინ, NATO-ში ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ. NATO-მ გადაწყვიტა, რომ აქტიურად იზრუნოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით. ეს ნიშნავს, რომ NATO შავი ზღვის რეგიონების სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩაერთო. აღნიშნული ოპერაციის დაწყების მიზეზებად კი რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე შეჭრა და აგრესიული ქმედებები დასახელდა. ამ ფონზე, როდესაც ფაქტიურად საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღებოდა, ამ შეხვედრას, ამ მოვლენას არ ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ეს არის ძალიან საგანგაშო სიგნალი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი დიპლომატიური გუნდი სამუშაო დონეზე, როგორც ბრიუსელში, ისე თავდაცვაში და ეს არ არის დიპლომატიური გუნდის ხარვეზი, ეს არის სიგნალი ხელისუფლების მხრიდან. მოვუწოდებ თავდაცვის სამინისტროს და მთლიანად ხელისუფლებას, არ დაუშვან საქართველოს ინტერესების შელახვა და ძალიან აქტიურად ჩაერთონ ამ პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა ხოშტარიამ.

რატომ არ ესწრებოდა ლევან იზორია ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების შეკრებას, ამ თემაზე განმარტება სამინისტროს არ გაუკეთებია. NATO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ოფიციალური თბილისი ამ ფორმატის შეხვედრაზე მიწვეული არ ყოფილა.

"ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო მკაცრად ალიანსის წევრი სახელმწიფოების ფორმატი და, შესაბამისად, არცერთი ასპირანტი და პარტნიორი სახელმწიფო არ იღებდა მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობას", - თქვა ალექსანდრე მაისურაძემ.

კომენტარები