ინტერვიუ

ერთით მეტი სიცოცხლე - ინტერვიუ ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან

„ღვინის კასრების მესამე სიცოცხლე“ - გამოფენა, რომელიც ჯერ წინანდლის სახლ-მუზეუმში მოეწყო, ამჯერად კი რედისონის საგამოფენო სივრცე მასპინძლობს, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტია.

მასში წარმოდგენილი ექსპონატების - ინტერიერის ავეჯისა და ხისგან დამზადებული სხვადასხვა ტიპის ნაკეთობების ავტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიდი დიზაინერები და არქიტექტორები არიან - შემოქმედები, რომელთა უდიდესმა ნაწილმაც 21-ე და გასული საუკუნის სახელოვნებო კურსი განსაზღვრა.

საექსპონატო ნივთების მწარმოებელი კი იტალიური არასამთავრობო ორგანიზაცია - 1978 წელს დაარსებული სან პატრინიანოს სარეაბილიტაციო ცენტრია, რომლის ბენეფიციარებიც, ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანები, მკურნალობის კურსის გავლასთან ერთად, ცენტრში არსებულ ლაბორატორიებში სხვადასხვა ხელობას ეუფლებიან. წარმოდგენილი ექსპონატებიც ადგილობრივი მარნის ღვინის კასრებისგანაა დამზადებული, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და გადაყრის ნაცვლად, ცენტრში მათგან ინტერიერის ავეჯისა და სხვადასხვა ტიპის ნაკეთობების დამზადება განიზრახეს, ესკიზების შესაქმნელად ცნობილი ხელოვანები მოიწვიეს, თავად ავეჯის დამზადება კი ადგილობრივ ბენეფიციარებს მიანდეს. 

ჩვენამდე ექსპოზიციამ მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მოიარა. საქართველოში გამოფენა იტალიის საელჩოს ინიციატივითა და „სილქ როუდ ჯგუფის“ მხარდაჭერით გაიმართა.

ექსპოზიციის საქართველოში ჩამოტანის მნიშვნელობის შესახებ ტაბულა გამოფენის უშუალო ინიციატორს, იტალიის სრულუფლებიან ელჩს­ - ანტონიო ენრიკო ბარტოლის ესაუბრა:

ანტონიო ენრიკო ბარტოლი: „საქართველოს მსგავსად, იტალიასაც ისტორიულ წარსულში აქვს ფესვები ღრმად გადგმული და თანაც, ამავდროულად, ახლებური დაგეგმარების უნარიც შეგვწევს. სიახლეში არა მხოლოდ სტილი იგულისხმება (რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესია, ისევე როგორც სილამაზისადმი დამოკიდებულება და საგნების ფუნქციონალურობა, რასაც გულისხმობს კიდეც დიზაინი), არამედ უნარიც, ერთმანეთს შეუხამო სხვადასხვა კომპონენტი. აქ არსებული ნიუანსების მთელი ეს ერთობა არა მხოლოდ იტალიის, არამედ საქართველოს შესახებაც მოგვითხრობს, რომელიც თავისი მდგომარეობით ძალიან ჰგავს იტალიას, ამას სრული გულწრფელობით ვამბობ: უძველესი მხარეა, გემოვნებიანი და, ამასთან, ამ ქვეყანას შესწევს განახლებისა და ახლის გამოგონების უნარი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ პროექტის საქართველოში ჩამოტანა. გავეცანი ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების შემოქმედებას და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მათი ნამუშევრების უკან ტრადიციები, ისტორია დგას, რაც, თავის მხრივ, უბიძგებს, ამჯერად მათვე დაუდონ დასაბამი ახალ ისტორიებს. გამოფენაზე საუბრისას სამ ძირითად კომპონენტზე გავამახვილებდი ყურადღებას: პირველი, ესაა ღვინო და ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა; ინოვაცია და დიზაიანი, რაც გულისხმობს კრეატიულობას, და მესამე კომპონენტი სოციალური კომპონენტია. ეს გვიჩვენებს, რომ პროექტი მხოლოდ კრეატივისა და ესთეტიზმის წარმოჩენას არ ემსახურება. ამ ყველაფერს კი თავის მხრივ ემატება მშვენიერება, ფუნქციურობა და კეთილი საქმის კეთების შესაძლებლობა“.

ექსპოზიცია ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანთა რიცხვი მაღალია და, ზოგადად, ნარკომანიის თემა ძალიან სენსიტიურია, ბუნებრივია, სოციალური კუთხითაც ძალიან საყურადღებოა და ის სან პატრინიანოს გამოცდილების გაზიარებასაც ემსახურება. ამ ცენტრში, სადაც ათასობით ადამიანი გადის მკურნალობის კურსს (და, მონაცემების თანახმად, 70 %-ის შემთხვევაში რეაბილიტაციის პროცესი დადებითი შედეგით სრულდება), ნივთიერებაზე დამოკიდებულებას არათუ დანაშაულად, ქრონიკულ დაავადებადაც კი არ მიიჩნევენ, ის უბრალოდ ადამიანის სიცოცხლისა და განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია. ამიტომ სან პატრინიანოში ამ ფაქტორის დაძლევის არაერთი მეთოდი აქვთ შემუშავებული საიმისოდ, რომ მკურნალობის შემდეგ ადამიანები სრულფასოვნად დაუბრუნდნენ ყოფით ცხოვრებასა თუ სამუშაო გარემოს. ცენტრის ბენეფიციარები ხშირად სან პატრინიანოშივე რჩებიან, მხოლოდ უკვე ახალი - თანამშრომლის სტატუსით.

ანტონიო ენრიკო ბარტოლი: „თავის მხრივ, ვისაც სან პატრინიანოს ღვინის კასრებისგან სასარგებლო საქმის კეთება მოაფიქრდა, ის თავისი განზრახვით, გარემოსდაცვით საკითხსაც ემსახურება: ძველი კასრების სანაგვეში გადაყრის ნაცვლად, მათ ხის მასალის ხელახლა გამოყენება გადაწყვიტეს და ამ საქმეში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი 43 დიზაინერი ჩართეს. ეს არა მხოლოდ იტალიური ხელოვნების წარმოჩენას გულისხმობს, არამედ იმ პროცესებისაც, რაც ქვეყნის საზღვრებს მიღმა ხდება - ეს ნაბიჯი კარგად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის დიდსულოვნებასა და შემოქმედებითობას, რომელიც ზოგადად მაღალი ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურება. ესკიზები დიდმა დიზაინერებმა შექმნეს, სან პატრინიანოს ბიჭებმა და გოგონებმა კი მათგან ავეჯი დაამზადეს. დღეს მათი  ნამუშევრები მთელ მსოფლიოში იყიდება, გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი სან პატრინიანოს ცენტრის ბიუჯეტში შედის და ესეც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ეწეოდე სოციალურ საქმიანობას, გადამხდელების მიერ გაღებული თანხებისგან დამოუკიდებლად. სან პატრინიანოს თავისი არსებობის მანძილზე ორი დაფინანსების წყარო აქვს: დონორები და ცენტრის აქტივობებით გამომუშავებული თანხები. მკურნალობა და რეაბილიტაცია იქ სულ 25 000 ადამიანმა გაიარა. ეს ადგილი, პრაქტიკულად ქალაქია, რომელშიც ყველანაირ ლაბორატორიას გადააწყდებით. ესაა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეწეოდე სოციალურ საქმიანობას და, ამავდროულად, მშვენიერებას ემსახურებოდე“.

ნაკეთობები, რომლებიც გამოფენაზეა წარმოდგენილი, სრულიად განსაკუთრებულია: ამ მაღალი ესთეტიკის მიღმა სევდიანი ამბები იმალება - იმ ადამიანების ისტორიები, რომლებსაც ერთ დღესაც მიწიერი სინამდვილე ემძიმათ და გაქცევა განიზრახეს. თუმცა, ამავდროულად, იგივე ნივთები მოგვითხრობენ ამბებსაც მათივე სიმამაცის შესახებ, რომლებმაც ავად ყოფნის მიუხედავად, მოიკრიბეს ძალები საიმისოდ, რომ საკუთარ სისუსტეებს გამკლავებოდნენ.

ანტონიო ენრიკო ბარტოლი: „ის, რაც მე პირადად ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს, ამ საქმეში არსებული დამთხვევებისა და მაკავშირებლების მთელი წყებაა. სანაგვეზე გადასაყრელად განწირული ხის მასალის გადამუშავების შედეგად, ახალ სიცოცხლეს ვიღებთ. ამ ხის მასალას თვალის ერთი შევლებით, თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა დაკარგული აქვს. ერთი შეხედვით, საზოგადოებისგან გარიყულ ამ ადამიანებსაც თითქოს დაკარგული ჰქონდათ იგივე მახასიათებლები. ამ დროს კი, მათმა შრომამ ღირსება დაუბრუნა საგნებს, რომლებსაც აყრილი ჰქონდათ ეს ღირსება. ეს იმიტომ, რომ არსებობაში ყოველთვის დევს აზრი, ყოფნას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. ადამიანებივით, ეს ხის მასალაც მატერიალურია, ცოცხალია და, შესაბამისად, მასაც შესწევს ხელახლა, ამჯერად მესამედ დაბადების უნარი. ხის კასრის თითოეული ფიცარი ერთმანეთისგან განსხვავებულია - ეს ხომ მეორადი მასალაა: ზედაპირზე სხვადასხვა ტიპის უსწორმასწორობა, ღვინის ნაკვალევი დაჰყვება. შესაბამისად, ყოველი ნაკეთობა, რომელიც სტანდარტული ნახაზის მიხედვით მზადდება, უნიკალურ ეგზემპლარად გარდაიქმნება, არ მეორდება, ერთადერთია, ისევე, როგორც ყოველი ჩვენგანია უნიკალური. ჩემი აზრით, სწორედ ამაშია პროექტის მთავარი ხიბლი“.

გამოფენაზე, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, სულ 15 ექსპონატია წარმოდგენილი: ანჯელა მისონის „ქალბატონი სარწეველა“, მარკ სედლერის შეზლონგი, პაოლო პინინფარინას მინიმალისტური ბრა, კიარა ფერაგამოს სავარძელი - „დრაკონი ქალი“... ნაკეთობები, რომლებსაც ექსპოზიციაზე ნახავთ, მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე, გემის კორპუსების ჩონჩხებსა თუ ნამარხი არსებების ქვად შემორჩენილ გამოსახულებებს მოგაგონებთ. ავტორებს შორის არიან ისეთი სახელები, როგორებიცაა: მიკელე დე ლუკი (თბილისის მშვიდობის ხიდის ავტორი), კარიმ რაშიდი, კარლო კოლომბო... ექსპოზიციის ფარგლებში წარმოდგენილია დანიელ ლიბესკინდის თაღოვანი მერხიც. არქიტექტორმა, რომელმაც თავისი ყველაზე სახელგანთქმული ნამუშევარი - ბერლინის ებრაელთა მუზეუმი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას მიუძღვნა, ამ პროექტში მონაწილეობით არაერთი ადამიანი მოაბრუნა სიცოცხლისკენ... 

ექსპოზიციაზე იხილავთ ალეხანდრო რუისის ტროელ ცხენუკასაც: ლიტერატურის ისტორიის ყველაზე მზაკვრული ძღვენი გამოფენაზე სრულიად უწყინარი საბავშვო სარწეველას სახითაა წარმოდგენილი და პირველი შეხედვისთანავე ღიმილს იწვევს. სინამდვილეში კი რა მოგონებებს აღარ იტევს: დიდ ამბებს ღმერთების, ომების, ცბიერების, ერთგულების, სიყვარულის, ვნებებისა და მშვენიერების შესახებ - ყოველივეს, რის განსაცდელადაც, ან თუნდაც მოსასმენად, ნამდვილად ღირს, საკუთარი თავისთვის არ დაიშურო თუნდაც კიდევ ერთი სიცოცხლე. 

კომენტარები