არჩევნები 2016

IRI: უბნებს გარეთ მყოფი მოქალაქეები ამომრჩეველზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი მოიცავს მონიტორინგის შედეგებს 9 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დამკვირვებლებმა გამოავლინეს შემდეგის ტიპის ძირითადი მიგნებები.

"სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი და 23 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატებმა მოიპოვეს გამარჯვება პირველივე ტურში. ოპოზიციურ პარტიებს შორის იყო ერთსულოვანი შეთანხმება, მმართველი პარტიის მხრიდან ჩადენილ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. არჩევნების დღეს პარტიასთან აფილირებული მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდა საარჩევნო პროცესს. საარჩევნო უბნებს გარეთ იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ქმნიდნენ ამომრჩეველზე ზეწოლის შთაბეჭდილებას. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების შემდგომ მათ კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ. მარნეულში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები პოლიციამ ძალის გადამეტებით დააკავა" - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ საარჩევნო პროცედურები გაუმჯობესდა, თუმცა გამოიკვეთა აშკარა პრობლემები ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში.

"ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის 95%-ს ჰქონდა საკუთარი უფლება-მოვალეობების საფუძვლიანი ცოდნა და მათი 95% პროცედურებს სწორად უძღვებოდა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის დამკირვებლებმა დააფიქსირეს შესწორებული შემაჯამებელი ოქმების დიდი რაოდენობა; ჩასწორებების გამო, ზოგ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შეუძლებელი ხდებოდა მათი გარჩევა. ყოველივე ამან გაზარდა უნდობლობა მთლიანი პროცესის მიმართ. აღნიშნული გაუმჯობესებების მიუხედავად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ უმეტეს შემთხვევაში დათვლის პროცესი წარმოადგენდა პრობლემას, რომელიც ჩრდილს აყენებდა საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციურობას. ბევრ შემთხვევაში ორგანიზაციის მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ხარვეზები თვლის პროცესში, ცესკო-ს მიერ შედეგების გაუმჭვირვალედ და შენელებულად მოწოდების ფაქტები;" - წერია დოკუმენტში.

როგორც IRI აღნიშნავს, მონიტორინგის ერთ-ერთი ძირითადი მიგნება ის არის, რომ მოქალაქეების ჯგუფი საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

"დამკვირვებლებმა საქართველოს მაშტაბით აღნიშნეს რომ როგორც ქალაქებში, ასევე სოფლის დასახლებებში საარჩევნო უბნებთან მყოფი მოქალაქეების ჯგუფები შეინიშნებოდა. უმეტეს შემთხვევებში, 10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულნი ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭიდილებას ტოვებდა და რამოდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემასთან დაკავშირებით აზრს აცვლევინებდა. როდესაც ორგანიზაციის დამკვირვებლები მიმართავდნენ უბანთან არსებულ მოქალაქეების ჯგუფს თუ რა იყო მათი იქ ყოფნის მიზეზი, ისინი პასუხობდნენ, რომ არჩევნები საზოგადო ღონისძებაა და მეზობლები უბრალოდ შეიკრიბნენ. მათი პასუხების სიზუსტის გადამოწმება ვერ ხდებოდა, თუმცა წარმოდგენა იქმნებოდა რომ მსგავსი ჯგუფები უსაფრთხოების სამსახურთან იყვნენ კავშირში. ეს დაკვირვება განმტკიცებული იყო სხვადასხვა პოლიტიკური წარმომადგენლის მხრიდან მთელი ქვეყნის მაშტაბით, რომ მსგავსი ქმედება სახელისუფლო ძალის მიერ იქნა გამოყენებული ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით" - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები