არჩევნები 2016

TI: დადასტურების შემთხვევაში, დაისაჯონ პარტიათა მხარდამჭერებზე ზეწოლაში მხილებულები

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ ყველა მხარეს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს. TI-ის განცხადებაში წერია, რომ პირველი ტურის დროს ბევრ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები კვალიფიკაციის დაბალი დონით გამოირჩეოდნენ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში კომპეტენციის ნაკლებობა ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის პროცესში მრავალ ტექნიკურ ხარვეზს იწვევდა. TI-ის რეკომენდაციით, "მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს კიდევ ერთხელ მკაფიოდ განემარტოთ არჩევნების წარმართვის წესები და პროცედურები, მათ შორის დამატებითი წერილობითი ინსტრუქციების მიწოდების სახით".

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეკომენდაციითვე, "მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საოლქო კომისიების ახლადარჩეული წევრების კვალიფიკაციას. სამომავლოდ კი სასურველია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის რეზერვის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დასაზღვევად არის საჭირო". ცნობისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიებიდან პარტიების წევრების მასობრივი გაწვევის შემდეგ საოლქო კომისიებმა გამოაცხადეს ერთდღიანი კონკურსი ახალი წევრების დასანიშნად. TI-ის შეფასებით, კონკურსანტების შერჩევის პროცესმა კითხვები გააჩინა გამჭვირვალობასთან და არასათანადო კვალფიციკაციასთან დაკავშირებით. 

"არჩევნების დღე საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა. დაფიქსირდა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ცალკეული ფაქტები. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ან მედია აგრესიით გამოირჩეოდნენ საუბნოს საარჩევნო კომისის წევრების მიმართ, რაც აფერხებდა საარჩევნო პროცესს. რეკომენდაცია: მნიშვნელოვანია, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუფერხებლად მიეცეს საშუალება, დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს, ასევე, საადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი არ შეუშალონ საარჩევნო პროცესს.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ზოგიერთი პარტიის ლიდერები ამბობდნენ, რომ საარჩევნო კომისიებში მათი წევრები მმართველი პარტიის ინტერესებს ატარებდნენ და ზოგ შემთხვევაში მოხდა მათზე ზეწოლა ან/და მოსყიდვა. რეკომენდაცია: მნიშვნელოვანია, პარტიების ლიდერების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები რეაგირების გარეშე არ დარჩეს და შესაბამისმა ორგანოებმა დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით.

პოლიტიკური პარტიების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველების მიმართ ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ. ჩვენი გადამოწმების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული განცხადებების დადასტურება ხშირად რთულია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ცალკეული ფაქტები სავარაუდოდ სიმართლეს შეესაბამება. რეკომენდაცია: აუცილებელია, წარიმართოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება გავრცელებული ფაქტების შესახებ და დადასტურების შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ზეწოლის განხორციელებაში მხილებული პირები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ფაქტები, ასეთი ქმედებები მათ მიმართ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ნდობას ამცირებს.

არჩევნების დღეს ზოგიერთ საარჩევნო უბანზე და უბნის გარეთ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რამაც შეაფერხა და ზოგ შემთხვევაში ჩაშალა საარჩევნო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ მარნეულში პოლიციამ ეფექტურად იმოქმედა, ზუგდიდში უბნის დარბევას ხელი არ შეუშალეს ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა. ასევე, არ მოხდა ყველა იმ პირის დაკავება, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის ორი უბნის დარბევაში. რეკომენდაცია: მნიშვნელოვანია, მოხდეს აღნიშნული ფაქტების პრევენცია, დაძაბულობის შემთხვევაში კი, პოლიციამ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით უნდა განმუხტოს დაძაბულობა. ასევე აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა მოუწოდონ თავიანთ აქტივისტებს, არჩევნების დღეს არ მოახდინონ დაძაბულობის პროვოცირება.

არჩევნების დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კომუნიკაცია აქვთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომლებიც მათ აწვდიან ინფორმაციას სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით, რის გადამოწმებასაც ახდენენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები. არის შემთხვევები როდესაც ასეთი კომუნიკაცია ცილდება ეთიკის ნორმებს, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების მხრიდან, იმის გამო, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები მათ შეფასებებს არ ემთხვევა. რეკომენდაცია: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია იქონიონ ეთიკის ნორმების დაცვით" - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

არჩევნების მეორე ტური ხვალ, 30 ოქტომბერს, 50 საარჩევნო ოლქში გაიმართება.

კომენტარები