არჩევნები 2016

ISFED: საარჩევნო უბნების 99.7% 8 საათზე მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად

სამართლიანი არჩევნები საქართველოს არჩევნების მეორე ტურების მსვლელობასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს. ISFED-ის შეფასებით, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. 

"სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 6, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, წილისყრის პროცედურის დარღვევის 3 და მარკირების გარეშე ხმის მიცემის 1 შემთხვევა",- წერია განცხადებაში.

ISFED-ის ცნობით, საარჩევნო უბნების 99.7% 8 საათზე მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად.

"პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების მხოლოდ 0.3%, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურზე საარჩევნო უბნების 4.2% გაიხსნა დაგვიანებით. საარჩევნო უბნების 0.3%-ზე დაირღვა წილისყრის ჩატარების წესი. საარჩევნო უბნების 99.5%- ზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 10 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 9 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 6 საჩივარი",- წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 700-მდე დამკვირვებლისგან შემდგარი მისიით 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება. არასამთავრობოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში სამართლიანი არჩევნების 600-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებელი კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს PVT მეთოდოლოგიით დააკვირდება. 

 

კომენტარები